მთავარი ბიზნესის განვითარება გადაიღე საქართველოში

გადაიღე საქართველოში

კინოინდუსტრიის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა 2016 წლიდან და მისი მიზანია ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, უცხოური კინოწარმოების მოზიდვა, ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზრის ზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა. დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს შეუძლიათ ისარგებლონ კვალიფიციური ხარჯის 20-25%-ის უკან დაბრუნების პროგრამით.

Location Guide of Georgia

 

 

 

 

  • პროგრამის პირობები

 

პროგრამის ფარგლებში 20%-დან 25%-მდე თანხის უკან დაბრუნება ვრცელდება პროგრამით განსაზღვრულ კვალიფიციურ ხარჯებზე, რომელიც უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს მხატვრული ფილმის და სერიალის შემთხვევაში, ხოლო 300 000 ლარს დოკუმენტური ფილმის, ანიმაციის, რეკლამის და რეალითი შოუს შემთხვევაში.


აღნიშნული სერვისის მიღებისათვის საჭიროა შემდეგი ქმედებების განხორციელება:

  •  საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ავსებს ონლაინ განაცხადის ფორმას;
  • ხელშეკრულება ფორმდება სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და განმცხადებელს შორის;
  • განმცხადებელს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სერტიფიკატი უნიკალური კოდით;
  • სერტიფიკატის მიღებიდან 1 წლის ვადაში ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს აუდიტორული კომპანიის მიერ დამოუკიდებელი მარწმუნებელი მომსახურების დასკვნა;
  • დასკვნის მიღებიდან ერთი წლის ვადაში სააგენტომ უნდა აანაზღაუროს ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 20%;
  • 20%-ის ანაზღაურების შემდეგ, ბენეფიციარს აქვს ერთი წელი რომ შეავსოს, დამატებით 2-5%-მდე ანაზღაურების ელ.ფორმა, ე.წ „კულტურული ტესტის“ საფუძველზე. „კულტურული ტესტი“ შედგენილი და დამტკიცებულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ (ბრძანება N236);
  • სააგენტოს დირექტორის ხელმძღვანელობით შედგენილი კომისია (კომისიის წევრები: ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, კულტურის სამინისტრო, კინოცენტრი, ტურიზმის ადმინისტრაცია) განიხილავს დამატებით 2-5% თანხის ანაზღაურებას, ეროვნული კინოცენტრის მიერ დამტკიცებულ ბრძანება N236-ის საფუძველზე;
  • აპლიკაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა, სააგენტო აანაზღაურებს დამატებით 2-5%-მდე თანხას. ან შესაბამისი დასაბუთებით აცნობს ბენეფიციარს აპლიკაციის უარყოფას.

 

პროგრამის დაარსებიდან დღემდე სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებულია 64 საერთაშორისო პროექტი, საიდანაც 56 მათგანი განხორციელებულია.

 

კულტურული ტესტი
 

I კრიტერიუმი:
ინფორმაციის გავრცელება საქართველოში გადაღების გამოცდილებაზე -1%

  • დასრულებული ფილმის ბოლო ტიტრებში ჩანს პროგრამის ,,გადაიღე საქართველოში“ ლოგო და ტექსტი დადგენილი ფორმით: პროექტი მხარდაჭერილია სახელმწიფო პროგრამის მიერ - „გადაიღე საქართველოში“ (ინგლისურ ენაზე);
  •  შექმნილია ფილმის საქართველოში გადაღებების შესახებ პოპულარიზაციის ვიდეო (Making Of).

აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ ჩამოთვლილ ორივე კრიტერიუმს.

 

II კრიტერიუმი
საქართველოს მოქალაქე დასაქმდა შემდეგ პოზიციებზე -1%

  • ერთი მთავარი როლი (ტიტრებში პირველ სამ პოზიციაზე);
  • ან: რეჟისორი (ტიტრებში პირველ ორ პოზიციაზე);
  • ან: სცენარის ავტორი (ტიტრებში პირველ ორ პოზიციაზე);
  • ან: ორი მეორეხარისხოვანი როლი (ტიტრებში პირველ 10 პოზიციაზე);
  • ან: კომპოზიტორი (ტიტრებში პირველ ორ პოზიციაზე);
  • ან: მინიმუმ 3 დეპარტამენტის ხელმძღვანელი (საოპერაციო ჯგუფის ხელმძღვანელი (პირველი პოზიცია), პროდიუსერი (ტიტრებში პირველი 3 პოზიცია), დამდგმელი მხატვარი (1-ლი პოზიცია),ლაინ-პროდიუსერი (1-ლი პოზიცია), კოსტუმების მხატვარი (1-ლი პოზიცია);

სავალდებულოა აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი პროექტი აკმაყოფილებდეს ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ კრიტერიუმს.

 

III კრიტერიუმი
ფილმში დაფიქსირებულია ქართული ელემენტები -1%

  • ფილმის სულ ცოტა ერთ სცენაში მოქმედების გეოგრაფიულ გარემოდ ფიქსირდება საქართველო (კადრში ჩანს წარწერა და/ან დიალოგში ფიქსირდება, რომ მოქმედება საქართველოში ვითარდება );
  •  ან: ფილმი ეფუძნება ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებს, ისტორიულ მოვლენას ან აღწერს ქართველი ისტორიული პიროვნების ცხოვრებას;
  • ან: ნაჩვენებია საქართველოსთან იდენტიფიცირებადი ობიექტები: UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ქართული ძეგლები; ძეგლობის კანდიდატები; სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის მიერ შემუშავებული ,,ღირსშესანიშნავი ობიექტების ნუსხიდან“ რომელიმე ობიექტი;
  • ან: საქართველოს დროშის და/ან ქართული დამწერლობის გამოჩენა მინიმუმ 2 წამის განმავლობაში;


აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ კრიტერიუმს.

 

IV კრიტერიუმი
პოსტ-პროდუქციის განხორციელება საქართველოში -1%

ა) პოსტ-პროდუქციაზე მთლიანი კვალიფიციური ხარჯი გაწეულია „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილების დანართი N2-ის ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ქვეპუნქტის შესაბამისად:

  • სპეცეფექტების მომსახურება (SFX) - სპეციალისტები და მოწყობილობა (018)
  • გამოსახულების მონტაჟი (031)
  • ანიმაცია (032)
  • ფერის კორექცია (034)
  • მუსიკის ჩაწერა (035)
  • ხმაურების ჩამწერი სტუდიის დაქირავება (036)
  • გამოსახულების რენდერი (037)
  • ხმის ჩამწერი სტუდიების დაქირავება (ფილმისთვის ხმის ჩაწერა) (038)
  • თარგმანი (039)
  • სუბტიტრირება (040)
  • საქართველოში გაწეული ლაბორატორიული ხარჯები (041)
  • დისტრიბუციისა და გაყიდვების კომპანიისათვის მისაწოდებელ ფილმთან დაკავშირებული პაკეტების შექმნა (deliverables). (042)

ბ) "ა" ქვეპუნქტით გაწეული ხარჯი შეადგენს არანაკლებ 50 000 ლარს;
გ) "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები დადასტურებულია შესაბამისი აუდიტორული დასკვნით.
აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ ჩამოთვლილ სამივე კრიტერიუმს.


 

V კრიტერიუმი
დისტრიბუცია და ფესტივალები -1%

  • ფილმის დისტრიბუცია განხორციელდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების არანაკლებ 2 ქვეყანაში: ან აშშ-ში ან კანადაში ან ინდოეთში;
  • ან: ფილმის დისტრიბუცია განხორციელდა ავიაკომპანიების მიერ;
  • ან: ფილმმა მონაწილეობა მიიღო FIAPF-ის მიერ აღიარებული კინოფესტივალების მთავარ კონკურსში, სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში;
  • ან: ფილმი ნომინირებული იყო ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს - ოსკარების (AMPAS), ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინაციებში.

სავალდებულოა აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი პროექტი აკმაყოფილებდეს ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ კრიტერიუმს.

კვალიფიციური ხარჯები

 

01.09.2021-დან პროგრამის ფარგლებში აიკრძალება შვილობილი/მშობელი კომპანიის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ მათ მიერ აღებული სესხების ჯამური მოცულობა აღემატება 10 მლნ ლარს. ამასთან, აკრძალვა ვრცელდება კლასიფიკატორის (NACE 2) შესაბამისად მხოლოდ ერთსა და იმავე განყოფილებაში მყოფ კომპანიებზე (პროგრამის მიზნებისათვის შვილობილად განიმარტება მეწარმე სუბიექტი, რომელშიც პროგრამის ბენეფიციარი ფლობს წილის 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ონლაინ ჩატი
×