12-დან 15 აპრილის ჩათვლით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ პეკინსა და ძინძიანგში საქართველოს დელეგაცია 20-მდე ჩინურ ფეხსაცმლისა და ტყავის მწარმოებელ კომპანიას შეხვდა. შეხვედრებს დაესწრო საქართველოსა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულების წარმომადგენელი, ნათია ფარეხელაშვილი. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე ეწვია კომპანიის “Nodress” საწარმოს, რომელიც სპორტულ ფეხსაცმელს მსხოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „Mexx“, „Joma“,“ K-Swiss“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ გამართული შეხვედრების ფარგლებში, ჩინურმა კომპანიებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ამსთანავე, გაეცნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით საკონსულტაციო კომპანიის KPMG მიერ მომზადებულ კვლევასა და საინვესტიციო წინადადებებს ტყავისა და სპორტული ფეხსაცმელების წარმოების მიმართულებით. კომპანიებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია იმ სახელმწიფო მხადაჭერის მექანიზმების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს წარმოების მიმართულებით.
ჩინური კომპანიებისთვის საქართველო განსაკუთრებით საინტერესოა მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის, წარმოების კონკურენტუნარიანი დანახარჯების და სხვადასხვა ბაზრებზე საბაჟო ტარიფების გარეშე წვდომის გამო, რის შესაძლებლობასაც იძლევა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA).
შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.