გაიცანით საგრანტო პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული მცირე მეწარმე, თეონა ოთანაძე. თეონა, 2018 წლიდან ხის ხელნაკეთ აქსესუარებს ქმნის. საგრანტო პროგრამის ფარგლებში კი მან, ბიზნესის გაფართოება შეძლო.
მოგვიყევით თქვენი ბიზნესის შესახებ.
Otanadze Design ქართული ბრენდია, რომელიც ხის ხელნაკეთ, უნიკალურ აქსესუარებს ქმნის. ბრენდი ორიენტირებულია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე. Otanadze Design 2018 წლის მარტში დაფუძნდა, რომლის ცნობადობაც და მომხმარებელთა რაოდენობაც დღითიდღე მზარდია. პროდუქცია მოიცავს ხის საათებს და სხვადასხვა აქსესუარებს, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის.
განვითარების ეტაპზე სხვა უამრავ გამოწვევასთან ერთად ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მასშტაბირება, რაც ვერ ხერხდებოდა არასაკმარისი კაპიტალისა და ფინანსური რესურსების გამო. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამამ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად.
ვისთვის იქმნება თქვენი პროდუქტი?
ბრენდის ფილოსოფიაა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური და გამორჩეულია, ამიტომ ის იმსახურებს მის ინდივიდუალიზმზე მორგებულ აქსესუარს, რომელიც ხაზს გაუსვამს მის უნიკალურობას და ყოველთვის მიიპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას. შესაბამისად, ჩვენი მომხმარებელი არის ის, ვისაც აქვს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი, სურს იყოს გამორჩეული, აფასებს გამორჩეულ მოდის ტენდენციებსა და იცის ხელნაკეთი პროდუქციის ღირებულება.
რა გამოარჩევს თქვენს შემოქმედებას?
ბრენდის მიზანია, მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა, თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ადაპტირება. ყველა ნამუშევარი უნიკალურია, რადგან თითოეული მათგანი იქმნება ძირითადად ხელით და მინიმუმ ერთი დეტალი ყოველთვის განსხვავებულია. შესაბამისად, ყოველი მომხმარებელი იძენს მისთვის შექმნილ პროდუქტს, რომელიც ერთადერთია.
რა როლი შეასრულა მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობამ თქვენი ბიზნესის განვითარების მხრივ?
როგორც უკვე აღვნიშნე, სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე ვდგებით, როგორც ბრენდი. იცვლება მოთხოვნები და მომხმარებლის ქცევა, შესაბამისად, გვჭირდება ფეხი ავუწყოთ და შევქმნათ ის, რისი მოლოდინიც ჩვენს მომხმარებლებს აქვთ. პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა მომეცა შემეძინა თანამედროვე მაღალი დეტალიზაციის მანქანა-დანადგარები, რომელიც სწორედ რომ საშუალებას მაძლევს უფრო მრავალფეროვანი და გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქცია ვაწარმოო.
რას ურჩევდით საქართველოში მცხოვრებ მცირე და მიკრო მეწარმეებს?
მთავარი რჩევა იქნება, რომ არასოდეს შეწყვიტონ საყვარელი საქმის კეთება, გამოიყენონ ხელთ არსებული ყველა რესურსი და შესაძლებლობა, არ შეზღუდონ გამოწვევები, ნებისმიერ შემთხვევაში ყველა გამოწვევა და დაბრკოლება გადალახვადია.
გთხოვთ გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები მიმდინარე პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულ აპლიკანტებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განაცხადის შევსების პროცესზე.
ვფიქრობ, აპლიკანტები პირველ რიგში დეტალურად უნდა გაეცნონ პროექტის სპეციფიკაციებს და პრიორიტეტებს, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, რადგან, ჩემი აზრით, თუ პროექტი სწორედ აღნიშნულ პრიორიტეტებზეა მორგებული, გაცილებით იზრდება დაფინანსების შანსებიც. არ იჩქარონ განაცხადის გაკეთება, აუცილებლად გააკეთონ პროექტის სამუშაო ვერსია, კითხონ შეფასებები კომპეტენტურ ადამიანებს, ხოლო პროექტში აუცილებლად ასახონ რეალისტური გეგმები.
გაქვთ თუ არა სამომავლო გეგმები თქვენი ბიზნესის განვითარების კუთხით?
გრანტის მოპოვების შემდეგ შესაძლებლობა მომეცა დამეხვეწა ხარისხი, გამეზარდა წარმოება და მეფიქრა ახალი ბაზრების ათვისებაზე. უახლოეს პერიოდში ვგეგმავ ევროპის ბაზარზე დამატებითი არხების ათვისებას და პროდუქციის მიწოდებას. გეგმები დიდია, ენთუზიაზმი გაცილებით მეტი. ყველაფერი შესაძლებელია.