1. საპროექტო განაცხადის წარდგენამდე უნდა იყოს თუ არა პიროვნება დარეგისტრირებული გადამხდელად და ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება? (ანუ, მცირე მეწარმე, ინდ. მეწარმე და ა.შ.)
პროგრამის ფარგლებში არ არის სავალდებულო განაცხადის წარდგენამდე სუბიექტი/ფიზ. პირი დარეგისტრირებული იყოს გადამხდელად (მიკრო, მცირე მეწარმე. ინდ. მეწარმე) და გააჩნდეს კონკრეტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია აუცილებელი იქნება ხელშეკრულების გაფორმებამდე.
2. რა ენაზე უნდა იყოს განაცხადი წარდგენილი?
განაცხადი უნდა წარადგინოთ სახელმწიფო ენაზე, ქართულად.
3. ეს პროექტი დააფინანსებს თუ არა მოძრავი ტექნიკის შეძენას. მაგალითად, ტრაქტორის, სპეცმანქანის და ა.შ.
პროგრამის ფარგლებში იზღუდება ყველანაირი სატრანსპორტო საშუალების (მსუბუქი ავტომობილი, ავტობუსი და სხვა პირადი სარგებლობის სატრანსპორტო საშუალება) შეძენა. მათ შორის და არა მხოლოდ, ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა და მისაბმელის, მსუბუქი მისაბმელის, ნახევარმისაბმელის, სპეციალიზებული მანქანების, სპეცტექნიკის შეძენა;
4. მხოლოდ ერთხელ ცხადდება კონკურსი?
2023 წელს განსაზღვრულია პროგრამის მხოლოდ ერთი ეტაპი. აღნიშნულთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას მიიღებთ ცხელი ხაზის მეშვეობით: 1525 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს enterprisegeorgia.gov.ge/
5. შემიძლია თუ არა შემოვიტანო რამდენიმე ბიზნეს იდეა ერთდროულად?
ერთ ეტაპზე ერთ განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი ბიზნეს იდეის შემოტანა.
6. როდის მეცოდინება პასუხი გაიმარჯვა თუ არა ჩემმა განაცხადმა?
თითოეულ ეტაპზე ბრძანებით დამტკიცებულია პროგრამის განხორციელების ვადები, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ვებ გვერდზე. თუ თქვენმა განაცხადმა გადალახა/ვერ გადალახა ბიზნეს იდეების ეტაპი , ინფორმაციას მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით , განაცხადში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
7. რამდენ ხანში მივიღებ დაფინანსებას?
ყველა ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ გრანტს პროგრამით გათვალისწინებული და ბრძანებით დამტკიცებული ვადების შესაბამისად, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ვებ გვერდზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:
- თუ თქვენმა განაცხადმა გადალახა ბიზნეს იდეების ეტაპი, მოწვეული იქნებით ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინგზე (დასწრება სავალდებულოა).
- ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ შეადგენთ და ონლაინ დაარეგისტრიროთ ბიზნეს გეგმას (იგივე პროცედურით როგორც ბიზნეს იდეის განაცხადი).
- წარადგენთ თქვენს ბიზნეს გეგმას ინტერვიუზე.
- განხორციელდება თქვენი ბიზნესის განხორციელების ადგილის ინსპექტირება.
- ზემოაღნიშნული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულება
- ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თანამონაწილეობის მიზნობრივად დახარჯვის შემთხვევაში ჩაერიცხებათ გრანტი.
8. ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ბიზნეს იდეის განაცხადი და მიიღოთ მონაწილეობა ბიზნეს იდეების კონკურსში თუ:
- ხართ სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქე; არ იმყოფებით სააგენტოს მიერ აღრიცხულ პრობლემურ ბენეფიციართა სიაში;
- ასევე, გასათვალისწინებელია, რომ არსებული ბენეფიციარების შემთხვევაში, პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ 2015-2018 წლებში არაუმეტეს ერთხელ დაფინანსებულ ბენეფიციარს. ასევე შეზღუდვა ვრცელდება 2020-2022 წლის რაუნდის დაფინანსებული ბენეფიციარებზე.
9. რა ტიპის ბიზნესებს აფინანსებს პროგრამა?
შეგიძლიათ მოითხოვოთ გრანტი პროგრამით განსაზღვურლი მიმართულებების შესაბამისად (იხ. დანართი, საქმიანობების ნუსხა).
10. რა თანხის მოთხოვნა შემიძლია პროგრამის ფარგლებში?
გრანტის მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს არაუმეტეს 30 000 ლარს.
11. რა არის თანამონაწილეობა?
თანამონაწილეობა პროგრამის ფარგლებში ნიშნავს ფულად მონაწილეობას იმ ბიზნესში რომლისთვისაც მოითხოვთ გრანტს. მეწარმე თავდაპირველად ხარჯავს საკუთარ თანამონაწილეობას, რის შემდეგაც ჩაერიცხება გრანტით მოთხოვნილი თანხა.
12. რა შემიძლია ვიყიდო გრანტის თანხით და რა არის ჩემი თანამონაწილეობა?
პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტის არანაკლებ 90% უნდა იქნას გამოყენებული კაპიტალური დანახარჯების და არაუმეტეს 10% -სა საბრუნავი საშუალებების შესაძენად. ხოლო თანამონაწილეობა განისაზღვრება - მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესგეგმით გათვალისწინებული პროექტის განსახორციელებლად გახარჯული საკუთარი მინიმალური კონტრიბუციის ოდენობა (დეტალურად იხილეთ პროგრამის დადგენილება).
13. როგორ გადავწყვიტო რომელი სტატუსი არის ჩემი საქმიანობის შესაფერისი - მიკრო მეწარმის, მცირე მეწარმის თუ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის?
სტატუსს გააჩნია სხვადასხვა შეზღუდვა და უპირატესობა. სტატუსს შეგირჩევთ შემოსავლების სამსახური თქვენს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი საქმიანობის შესაბამისად.
ამ საკითხის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ ფილიალში, ასევე საინფორმაციო ცენტრში (2 299 299) ან ვებგვერდზე (www.rs.ge)
14. გრანტის მიღების შემთხვევაში შეიძლება თუ არა დავასაქმოთ ოჯახის წევრები?
ოჯახის წევრების დასაქმება შესაძლებელია და გასათვალისწინებელია რომ თანამშრომლები შეარჩიოთ მათი ცოდნის, გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით.
15. როგორი სახით მივიღებ გრანტის თანხას? თანხა ჩამერიცხება თუ შესყიდვებს თქვენ განახორციელებთ?
გრანტის თანხა ჩაგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინიდან, მას შემდეგ რაც თქვენ მიზნობრივად გახარჯავთ თქვენს თანამონაწილეობას.
16. სავალდებულოა ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინგზე დასწრება?
ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინგზე დასწრება სავალდებულოა, რადგან თქვენ ტრენინგის განმავლობაში მიიღებთ ინფორმაციას, თუ როგორ შეადგინოთ ბიზნეს გეგმა და გაზარდოთ თქვენი შანსები გრანტის მოსაპოვებლად.
17. თანხა რომელსაც მოვიპოვებ გრანტია თუ სესხი?
თანხა რომელსაც მოიპოვებთ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არის გრანტი და მისი მიზნობრივად გახარჯვის შემთხვევაში არ ბრუნდება.
18. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ თანამონაწილეობის ან გრანტის თანხა არამიზნობრივად დავხარჯე?
თანამონაწილეობის თანხის არამიზნობრივად გახარჯვის შემთხვევაში არ ჩაგერიცხებათ გრანტის თანხა.
გრანტის თანხის არამიზნობრივად გახარჯვის შემთხვევაში თქვენ წარმოგეშვებათ თანხის სრულად დაბრუნების ვალდებულება სააგენტოს წინაშე. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტო მიმართავს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
19. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ვერ შევასრულე ხელშეკრულების პირობები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, სტიქიური უბედურების ან სხვა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო?
ნებისმიერი მიზეზით ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გექნებათ ვალდებულება სააგენტოსგან მიღებული გრანტის თანხის დაბრუნების, (საუბარია არამიზნობრივ ხარჯვაზე). რაც შეეხება დაუძლეველ ძალას, მსგავს საკითხებს არეგულირებს ხელშეკრულება (ფორს-მაჟორი).