ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო 2018 წელს ქ. თბილისში გაიხსნა. კომპანია მაღალი ხარისხის, სხვადასხვა ზომისა და დიზაინის მქონე ქალის, მამაკაცისა და ბავშვის წინდებს აწარმოებს.
საწარმო დღეისთვის დაახლოებით 28 ქართულ კომპანიასთან თანამშრომლობს და პროდუქციის რეალიზაციას გუდვილში, კარფურში, აგროჰაბსა და ქალთა ბედნიერებაში ახორციელებს. ადგილობრივი ბაზრის გარდა საკუთარი პროდუქციით სხვადასხვა ქვეყნების, კერძოდ: ავსტრიის, საბერძნეთის და აზერბაიჯანის ბაზრებსაც ამარაგებს.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ, საწარმოს თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა, წინდების წარმოების დაწყება და 61 ადამიანის დასაქმება შეძლო. წარმოების მოცულობა 930 100 წყვილი წინდაა, ხოლო აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 8 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
შპს „ტიფლის ტექსტილი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში განახორციელებს. ამასთანავე, შპს „ტიფლის ტექსტილმა“ სახელმწიფო პროგრამის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით ისარგებლა, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ თბილისში, გ. ლორთქიფანიძის #81ა 9492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა.
2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 312 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 685 მლნ ლარს, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა 430 მლნ ლარზე მეტია. სულ შეიქმნება 11,870 ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს პირველი 24 თვის განმავლობაში საბანკო კრედიტის 10% საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 150 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს.