მიმდინარე წლის 7-9 ოქტომბერს, გერმანიაში, ქ. მიუნხენში, ევროპის უმსხვილესი საინვესტიციო გამოფენა უძრავი ქონების მიმართულებით “EXPO REAL” გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
საერთაშორისო გამოფენა მოიცავს გლობალური უძრავი ქონების ინდუსტრიის სრულ ჯაჭვს და აერთიანებს 45 000-ზე მეტ მონაწილეს 70-ზე მეტი ქვეყნიდან.
ღონისძიების ფარგლებში, დაინტერესებული საერთაშორისო კომპანიები, დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ამასთანავე, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები გაეცნობიან კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს, შეთავაზებებს და იმ სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებს, რასაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს უძრავი ქონების და სტუმარ მასპინძლობის სექტორის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.