მთავარი სიახლეები საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო კამპანია Bloomberg-ზე

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო კამპანია Bloomberg-ზე


ბიზნესი ინვესტიცია ექსპორტი


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო კამპანიის ფარგლებში, Bloomberg-ზე ქვეყნის შესახებ საიმიჯო ვებგვერდი შეიქმნა.

„Georgia – A Pleasure Doing Business” კამპანიის ფარგლებში, Bloomberg-ის სატელევიზიო და ციფრულ პლატფორმებზე გასავრცელებლად დამზადდა საიმიჯო რეკლამა, სოციალური მედიისათვის გამოსაყენებელი ვიდეორგოლები, სტატიები და სიუჟეტები.

კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილია 4 წუთიანი საინფორმაციო ფილმი, რომელშიც საქართველოს საინვესტიციო უპირატესობებსა და წარმატებულ ბიზნესსაქმიანობაზე ისეთი მაღალი საერთაშორისო ცნობადობისა და ნდობის მქონე ინვესტორები საუბრობენ, როგორებიცაა EBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი, BP-ის რეგიონული ხელმძღვანელი, ბოინგის ნაწილების მწარმოებელი ქართულ-ებრაული კომპანია ATC-ის დირექტორი და საერთაშორისო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგ კომპანია Majorel-ის საქართველოს ოფისების დირექტორი.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბიზნესწრეებში საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის წარმოჩენა და ისეთი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, რომელიც მოგვცემს სწორი პოზიციონირების და სამიზნე აუდიტორაზე გასვლის საშუალებას. სწორედ ამიტომ არის Bloomberg ჩვენი პარტნიორი ამ მნიშვნელოვან საქმეში.“ - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

აქტიური კამპანია 2019 წლის ბოლომდე გასტანს და მოიცავს როგორც ევროპის, ასევე, აზიისა და აშშ-ს ბაზრებს.

Bloomberg LP-ის საინფორმაციო მიმართულება Bloomberg Media Group, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ბიზნესსიახლეების ორგანიზაციაა, რომელიც გლობალურ ბიზნესლიდერებისათვის ყველაზე სანდო და ხშირად გამოყენებად წყაროს წარმოადგენს.

კომპანია 1981 წელს, მაიკლ ბლუმბერგმა დააფუძნა და ის მოიცავს როგორც ფინანსური მონაცემებისა და ბაზების ინსტრუმენტებს, ისე რეიტინგულ სატელევიზიო, ბეჭდურ და ციფრულ მედია არხებს.

კამპანიის ვებგვერდის ბმული: http://tiny.cc/Bloomberg-EnterpriseGE

 

 

ონლაინ ჩატი
×