მთავარი სიახლეები მენეჯერთა გადამზადების პროგრამა, „მწვანე ტექნოლოგიები“ - Fit for Partnership 2023 green technologies

მენეჯერთა გადამზადების პროგრამა, „მწვანე ტექნოლოგიები“ - Fit for Partnership 2023 green technologies




სააგენტო "აწარმოე საქართველოში", გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით, გეგმავს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანია, მწვანე ტექნოლოგიების ხელშეწყობა და საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

მწვანე ტექნოლოგიები მოიცავს პროდუქტებს, პროცესებსა და სერვისებს, რომლებიც ემსახურება გარემოს დაცვას, რესურსების მოხმარების მინიმუმამდე შემცირებას და ხელს უწყობს კლიმატის ნეიტრალიტეტს.  

აღნიშნული პროგრამა უნიკალურ შანსს აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს, დაამყარონ კონტაქტი გერმანულ კომპანიებთან და გამართონ ბიზნეს შეხვედრები. 

პროგრამა მოიცავს როგორც ტრენინგებს, ასევე ვიზიტებს გერმანულ კომპანიებში და ინდივიდუალურ შეხვედრებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.

 

პროგრამის ძირითადი მიზნები:

  • გერმანიის ბიზნეს მენეჯმენტის პრაქტიკისა და გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა;
  • გერმანიაში უახლესი მწვანე ტექნოლოგიების, წარმოების სისტემებისა და სერვისების გაცნობა;
  • გადაწყვეტილებებისა და სტრატეგიების შემუშავება მათი კომპანიების „გამწვანებისთვის“ - ნარჩენების შემცირება, გადამუშავება, ახალი/ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შემუშავება;
  • გრძელვადიანი ბიზნეს პარტნიორობის ფორმირება გერმანულ კომპანიებთან;
  • საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დადანგარების შესახებ ინფორმაციის მიღება;

 

პროგრამაში მონაწილეობა (სამიზნე ჯგუფი):

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „გამწვანებაზე“ ორიენტირებული მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი რგოლის მენეჯერებს, კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ახორციელებენ:

  • ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ან ტექნოლოგიების დანერგვას;
  • ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებას;
  • განახლებადი ენერგიის გამოყენებას;
  • ახალი/ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შემუშავებას;
  • კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, გერმანულ კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყებით, გაფართოებით ან/და გააქტიურებით „გამწვანების“ მიმართულებით.

 

აუცილებელი მოთხოვნაა, კომპანია 3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე:

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უმაღლესი განათლება, ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;

 

*პროგრამა მიმდინარეობს ჰიბრიდულ ფორმატში და შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

  • მოსამზადებელი ეტაპი (ორი კვირა) – მონაწილეები იღებენ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას პროგრამის და შემდგომი ნაბიჯების შესახებ;
  • ონლაინ ტრენინგის ეტაპი - მონაწილეები ესწრებიან ონლაინ ტრენინგ კურსებსა და სემინარებს  6 კვირის განმავლობაში; 
  • 2 კვირიანი ვიზიტი გერმანიაში - მონაწილეები მიწვეულნი იქნებიან გერმანიაში, სადაც დაესწრებიან სემინარებს, შეხვდებიან გერმანელ მენეჯერებს და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ექნებათ, გამართონ ინდივიდუალური შეხვედრები (B2B) და გააფორმონ ხელშეკრულებები გერმანელ ბიზნეს პარტნიორებთან;
  • იმპლემენტაციის ეტაპი - ჰიბრიდული ეტაპების დასრულების შემდეგ, 6 თვის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ მიღებული ცოდნა და გამოცდილება თავიანთ საქმიანობაში, ტრენინგ ცენტრის დახმარებით;
  • შემეჯამებელი ღონისძიებით პროგრამა სრულდება საქართველოში, სადაც მონაწილეებს გადაეცემათ GIZ-ის სერთიფიკატი;

 

შერჩევის პროცესი:

  • დაინტერესებული პირი ავსებს სააპლიკაციო დოკუმენტებს და აგზავნის სააგენტოში ელექტრონული ფორმით;
  • მიღებული აპლიკაციები გადაირჩევა GIZ-ის და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გუნდის მიერ;
  • შერჩეულ აპლიკანტებთან შესაძლოა ჩატარდეს გაცნობითი ონლაინ შეხვედრა;
  • გაიმართება გასაუბრება შერჩეულ აპლიკანტებთან;
  • საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან და აცნობებენ პროგრამაში მონაწილეობის შესახებ;

პროგრამის საინფორმაციო ბროშურის და სააპლიკაციო დოკუმენტების სანახავად, დააჭირეთ ღილაკს:

გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო დოკუმენტები გამოგვიგზავნით, არაუგვიანეს  2023 წლის 22 სექტემბრისა. შევსებული საპლიკაციო დოკუმენტები და პასპორტის ასლი გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: applymtpenterprise@gmail.com (თემა: Fit for Partnership 2023 - green technologies - სახელი და გვარი).

პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს, ნომერზე: 1525.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: 

https://managerprogramm.de/en/business-with-germany/

 

ონლაინ ჩატი
×