საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სხვა ღონისძიებებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 10:00-დან 19:00 სთ-მდე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება სამეწარმეო ბაზრობა, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია.
ღონისძიება, რომელშიც 100-ზე მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, იქნება გამორჩეული მისი მრავალფეროვნებით. სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა. ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის გარდა, ღონისძიებაზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები, გასართობი სივრცეები, სხვადასხვა სახის ვორქშოფები და ა.შ. ამასთანავე, აღნიშნული დღის თემატიკიდან გამომდინარე „გააზიარე ცოდნა“, წარმოდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებიც მოსულ სტუმრებს გაუზიარებენ იმ სამეწარმეო გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში შეიძინეს და საკუთარ ბიზნესად აქციეს.
ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.