საწარმო ,,Construction Service“, რომელიც რუსთავში მდებარეობს, მაღალი ხარისხისა და განსაკუთრებული სირთულის ლითონის კონსტრუქციებს აწარმოებს.
შპს ,,Construction Service“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ბენეფიციარი 2015 წელს გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში ახორციელებდა. დღეს კი, კომპანია დამოუკიდებლად აგრძელებს ფუნქციონირებას და წარმოების დაწყებიდან, დღემდე პროექტის ჯამური ინვესტიცია 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საწარმოში 280 ადამიანია დასაქმებული.
სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიამ წარმოების გაფართოება შეძლო, კერძოდ კი, თანამედროვე ხარისხის დანადგარების შეძენის შემდეგ საწარმო ყველა ტიპის ლითონის კონსტრუქციას აწარმოებს, მათ შორის: სხვადასხვა ზომის სასაწყობო მოდულებს, საფეხმავლო, საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებს, ხიდის სახელურებს და ა.შ. ამასთანავე, კომპანია ევროპული წარმოების მაღალი ხარისხის ანოდირებული ალუმინის პროფილებით კარკასების დამზადებას და მონტაჟს უზრუნველყოფს.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს პირველი 24 თვის განმავლობაში საბანკო კრედიტის 10% საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 150 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს.
პროგრამის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 1525.