მთავარი სიახლეები ბავშვის ქართული წარმოების ტანსაცმელს შვედეთსა და საფრანგეთშიც შეხვდებით - ლიმო

ბავშვის ქართული წარმოების ტანსაცმელს შვედეთსა და საფრანგეთშიც შეხვდებით - ლიმო




სააგენტოს ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ ,,ლიმო’’ იტალიაში, ქ. ფლორენციაში გამართულ საბავშვო ტანსაცმლის გამოფენაში „Pitti Immagine Bimbo“ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ გამოფენაში, ბრენდის გამორჩეულმა და კრეატიულმა კოლექციამ, დიდი მოწონება დაიმსახურა.

შედეგად, ქართულმა კომპანიამ ბიზნესკავშირები დაამყარა ისეთ კომპანიასთან, რომელსაც მაღაზიათა ქსელი ევროპის 10 ქვეყანაში აქვს და პროდუქციის ექსპორტზე გატანა უკვე  შვედეთსა და საფრანგეთში დაიწყო.

,,სააგენტოს  „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერით, მონაწილეობა მივიღეთ, იტალიაში გამართულ საბავშვო ტანსაცმლის გამოფენაში - „Pitti Immagine Bimbo“. ღონისძიებაზე ათეულობით იმპორტიორს, ბაიერს და დაინტერესებულ პირს შევხვდით. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ჩვენი შექმნილი ნაწარმის რეალიზაცია შევდეთსა და საფრანგეთშიც დაიწყო.” - ნინო გიორგაძე, კომპანია „ლიმოს“ დამფუძნებელი.

ამ ეტაპზე  კომპანია შემდეგი გამოფენისთვის ემზადება.  დამფუძნებლების თქმით, ექსპორტზე უკვე გაგზავნილია 1000 ერთეული სამოსი და ამჟამად ზამთრის კოლექციის წარსადგენად ემზადებიან.   

მისივე თქმით: ,,საექსპორტო ბაზრის პარალელურად  ფართოვდება საწარმო. იანვარში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით მონაწილოებას ვიღებთ იგივე გამოფენაში „Pitti Immagine  Bimbo“-ს. ასევე, სააგენტოს პროგრამის, ექსპორტის სტიმულირების კომპონენტის ფარგლებში საწარმოში დავიწყეთ საერთაშორისო სტანდარტის ISO9001  დანერგვა, რაც საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრების და ნდობის საწინდარია.”

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „ლიმო“ 2020 წელს გამოჩნდა ბაზარზე. მომხმარებელს 2-დან 12 წლამდე ბავშვის სამოსს სთავაზობს. „ლიმოს“ პროდუქცია საქართველოს გარდა იყიდება ამერიკულ ამაზონზე, ექსპორტზე გადის სომხეთში, შვედეთსა და საფრანგეთში, მოლაპარაკებები კი გერმანულ მხარესთანაც მიმდინარეობს.

სექტორის პოტენციალიდან გამომდინარე,  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ქართული საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი პროდუქციით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე არიან წარმოდგენილნი.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზებასა და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსებას ახორციელებს, ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.

 

ონლაინ ჩატი
×