Alibaba.com-ის გუნდი საქართველოს ეწვია და პირველი შეხვედრა გამართა იმ ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც პლატფორმაზე განთავსდებიან.
სამუშაო შეხვედრა სააგენტოს დირექტორმა - მიხეილ ხიდურელმა გახსნა. ხიდურელის თქმით, ეს პროცესი ქართულ კომპანიებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას მოახდინონ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, მოიზიდონ საერთაშორისო პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი.
Alibaba.com-ის გუნდმა დამსწრე აუდიტორიას პრეზენტაცია წარუდგინა, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მხარეებმა კომპანიების განთავსებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
პირველ ეტაპზე იგეგმება პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანიის განთავსება. სააგენტო სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს, პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანიები ისარგებლებენ ე.წ. Global Gold Supplier-ის სტატუსით. ეს არის ექსკლუზიური სერვისი Alibaba.com-ისგან, რომელიც ზრდის პლატფორმაზე კომპანიების ხილვადობას და ამაღლებს მათ მიმართ ნდობას.
Alibaba.com 1999 წელს დაარსდა. იგი ელექტრონული კომერციის წამყვანი B2B პლატფორმაა, რომელიც მყიდველებსა და მომწოდებლებს მსოფლიოს 200 ქვეყანასა და რეგიონში ემსახურება.