მთავარი სიახლეები პროგრამა „გადაიღე საქართველოში“

პროგრამა „გადაიღე საქართველოში“


ბიზნესი


საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე რამდენიმე უცხოური პროექტი განხორციელდა. ახალი პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

2018 წლის მარტის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 12 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 3 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული და ერთიც კი ამერიკული.

აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 19,4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 1900 ადამიანს შეადგენს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, სასიამოვნო წარმატებაც, რომ პროგრამის ფარგლებში შპს „იგელ პროდაქშენს“, "Betterfly Production"-ს, შპს "ჯიოსტარ ენთერპრაისს", სჯ "ფილმ პროდაქშენს", "Solution The Film"-ს რომლებიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდნენ, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა. აღნიშნული პროგრამა კი კიდევ უფრო მეტ პროდიუსერს უჩენს ინტერესს გადმოიტანონ კინოწარმოება საქართველოში და დაიბრუნონ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი. 

კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში", კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.

 

ონლაინ ჩატი
×