24 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ლაგოდეხში ოთხმოცამდე ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ანთიამ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის, მიმდინარე პროექტების და სამომავლო გეგმების თაობაზე მიაწოდა. ამასთანავე, ადგილობრივმა მეწარმეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებს პრეზენტაცია მათი უწყებების საქმიანობის შესახებ წარუდგინეს.
აღნიშნული ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.