26 აპრილს, ქალაქ რუსთავში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა რუსთავის მერიის მხარდაჭერით ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრა გამართეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ, ზვიად ქვლივიძემ და მეწარმეობის ხელსეწყობის დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ანთიამ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობა, მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები გააცნეს და თითოეულ დაინტერესებულ პირს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA). ამასთანავე, ბიზნესსუბიექტებს საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ სპეციალურ მასტერკლასს, თემაზე: მარკეტინგი და ბრენდინგი.
აღნიშნული ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.