დღეს, 30 აპრილს, ბიზნეს ცენტრში “King David”, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის (UK Good Governance Fund) ორგანიზებით, პირველი ტრენინგი ჩატარდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო კომპანიასთან PricewaterhouseCoopers (PwC) ერთად, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის (UK Good Governance Fund) დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „ბიზნეს კავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ – SME linkages. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ საქართველოში არსებულ მულტინაციონალურ და ე.წ „ფრენჩაიზინგის” კომპანიებს, სამომავლო თანამშრომლობის, კერძოდ პროდუქციის და მომსახურების მიწოდების მიზნით. პროექტის შესამუშავებლად HoReCa-ს სექტორი შეირჩა, რომლის ფარგლებშიც მოღვაწე მულტინაცინალურ ბრენდებთან დასაკავშირებლად და პოტენციალის შესასწავლად, წინასწარ იდენტიფიცირებულმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა შეავსეს შესაბამისი კითხვარი, რის მიხედვითაც პროექტის განხორციელების მომდევნო ეტაპზე დაიგეგმა ტრენინგები და კონსულტაციები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის.
ტრენინგ პროგრამები გაიმართება ისეთ მოდულებში როგორიცაა: სტრატეგია და დაგეგმვა, ლიდერობა და მენეჯმენტი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და ოპერაციები, გაყიდვები მულტინაციონალურ კომპანიებთან, ფინანსები და ადამიანური რესურსების მართვა და სხვა.