30 აპრილს, ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები 30-ზე მეტ დიზაინერს და საფეიქრო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიას შეხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა აღნიშნულ სფეროში მოღვაწე კომპანიებს და ბიზნესსუბიექტებს სააგენტოს საქმიანობა, სამომავლო გეგმები და ის მექანიზმები გააცნეს, რითიც სახელმწიფო კერძო სექტორის წარმომადგენლებს ეხმარება. ამასთანავე, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა მარინა მაჭარაშვილმა თითოეულ დაინტერესებულ პირს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA). შეხვედრის შემდეგ კომპანიებს ჩაუტარდათ სპეციალური მასტერკლასი, თემაზე: მარკეტინგი და ბრენდინგი.
შეგახსენებთ, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.