მიმდინარე წლის 21 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ქალაქ თელავში, ოთხმოცამდე ადგილობრივ ბიზნესსუბიექტს შეხვდნენ.
ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადგილობრივმა მეწარმეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლებს წარუდგენენ პრეზენტაციას მათი უწყებების საქმიანობის შესახებ.
აღნიშნული ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.