საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 2018 წლის 28 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა იაპონურ დელეგაციას უმსპინძლა.
ღონისძიებას, დაესწრო იაპონური კერძო, ასევე სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ისეთი კომპანიებიდან და ორგაზიზაციებიდან, როგორებიცაა: Sumitomo Corporation, Marubeni, JTI (Japan Tabacco International), Hazama-Ando Corporation, Sojitz Machinery Corporation, Mitsubishi Corporation, IHI Infrastructure Systems, H&N Wine Japan, Itochu Corporation, Toyota Caucasus, JETRO, JICA. საქართველოს მხრიდან კი იაპონიის დელეგაციას შეხვდა სააგენტოს აწარმოე საქართველოში, საპარტნიორო ფონდის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მათ შორის, ინფორმაცია ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის, მსოფლიოს დიდ ბაზრებთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების, აგრეთვე მსხვილი საინვესტიციო პროექტების თაობაზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში