საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით 28-29 აპრილს, 13:00-დან 22:00სთ-მდე, გაიმართება ორ დღიანი სამეწარმეო მარკეტი, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია.
გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - სუვენირები, სამოსები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და სხვა. ამასთანავე, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.
ღონისძიება, რომელიც უკვე მესამედ ჩატარდება, განხორციელდება თანამედროვე თემატიკით, სადღესასწაულო ფორმატში, მუსიკალური გაფორმებით, სასიამოვნო დიზაინით, განათებით და ბავშვებისთვის დამატებითი შემოქმედებითი გასართობი სივრცეებით.
ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ წინა ორმა ღონისძიებამ, რომლებიც სექტემბრის და ოქტომბრის თვეებში ჩატარდა, საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და შესაბამისად, მეწარმეების მხრიდან ინტერსიც საკმაოდ გაიზარდა. სწორედ ამ მიზნით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პერმანენტულად აპირებს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას, რომ ხელი შეუწყოს ქართველი დამწყები მეწარმეების პროდუქციის რეალიზაციას.