მთავარი სიახლეები ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებისთვის სასერტიფიკატო კურსი დაიწყო

ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებისთვის სასერტიფიკატო კურსი დაიწყო


ბიზნესი


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის მხარდაჭერით, ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებს კიდევ ერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცოდნა და განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან.

კურსის პირველი ეტაპი 7 მაისს დაიწყო, 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომელსაც 42 კომპანიის 44 წარმომადგენელი დაესწრება. კურსი ყველა  საბაზისო საკითხის გავლას გულისხმობს და  აღნიშნულის ფარგლებში, მსმენელები გაეცნობიან ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით. სალექციო საათები დაეთმობა საექსპორტო ლოგისტიკის, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს კომუნიკაციების საკითხებს, რომელიც კონკრეტული პრაქტიკული რჩევების გაცემასა და ინტერაქციის საშუალებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. ამასთანავე, განახლებული კურსი ითვალისწინებს ორი ახალი მოდულის: ელექტრონული კომერციისა და ბრენდინგის დამატებას, რომლებიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის.

აღსანიშნავია, რომ კურსის დასრულებისთანავე, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადასცემს სერტიფიკატს - „Certified Export Manager.“

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ - როგორც პროექტის ინიციატორი, ყველა მონაწილეს კურსის ღირებულების 75%-ს დაუფინანსებს. 
 

 

ონლაინ ჩატი
×