საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 14-დან 16 მაისის ჩათვლით, 3 ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქართული კომპანია და 2 კერძო უმაღლესი სასწავლებელი, ნიუ-იორკში გამართულ უმსხვილეს კონფერენციაზე „Consensus Invest 2018“ წარდგება.
საერთაშორისო ღონისძიებას მსოფლიოს მასშტაბით 250-ზე მეტი ცნობილი სპიკერი, 4 000-ზე მეტი ამ სექტორში მოღვაწე სტარტაპ კომპანია, ინვესტორი, ინოვატორი, ცნობილი კომპანიების დამფუძნებლები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებიც ბლოკჩეინს და ციფრულ სავალუტო ეკონომიკას უყრიან საფუძველს.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, კონფერენციას 3 ქართული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანია და 2 კერძო უმაღლესი სასწავლებელი კერძოდ: შპს "ოქროს საწმისი", შპს"ენტროპი", და შპს „შელფ ნეთვორქი“, შპს „საქართველოს უნივერსიტეტი“ და შპს „შავი ზღვის უნივერსიტეტი“ დაესწრება, რომლის წარმომადგენლებსაც საშუალება ექნებათ გაეცნონ ინდუსტრიაში არსებულ ყველა მიმდინარე ტრენდულ საკითხს და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები უცხოურ კომპანიებთან.
შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული მისია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.