მთავარი სიახლეები პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ინდური ტელესერიალის გადაღებები დაიწყება

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ინდური ტელესერიალის გადაღებები დაიწყება


ბიზნესი ექსპორტი


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ტელესერიალის გადაღებები დაიწყება. “Inside Edge” - ასე ჰქვია ქართულ-ინდურ კოპროდუქციას, რომელზეც ქართული საპროდუსერო კომპანია ფილმ პროდაქშენი იმუშავებს.

ტელესერიალის სიუჟეტი კრიკეტის სამყაროში, გუნდების მეპატრონეებისა და მათი ტოპ მოთამაშეების მდიდრულ ცხოვრებაში ვითარდება, სადაც კრიკეტს მიღმა უფრო დიდი თამაშია, რომელსაც მხოლოდ სპორტსმენები არ თამაშობენ. ტელესერიალში მთავარ როლს, ბოლივუდის ვარსკვლავი, ვივეკ ობერო (Vivek Oberoi) ასრულებს, რომელსაც არა ერთი საპატიო ჯილდო აქვს მოპოვებული.

“Inside Edge”-ის გადაღებები პირველ სექტემბერს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და მის შემოგარენში გაგრძელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი სულ უფრო აქტუალური ხდება და  უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის10 მაისის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 15 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 6 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული და ერთიც კი ამერიკული. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად  საქართველოში ჯამურად 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 2 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.

 

 

ონლაინ ჩატი
×