დღეს, 30 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, ეკონომიკის სამსახურის უფროსს, იულია სოტეს უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ისაუბრეს ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტზე (TAIEX), რომელიც მხარს უჭერს საჯარო უწყებებს ევროკავშირის კანონმდებლობის დაახლოების, გამოყენების და აღსრულების თვალსაზრისით. ასევე, ზემოთ ხსენებული ხელს უწყობს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ. აღნიშნული მემორანდუმი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საფრანგეთის მსგავს სახელმწიფო უწყებას „Business France” შორის გაფორმდება, რომელიც მომავალში ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას მოიცავს.
ფრანგულ მხარეს, რომელიც დაინტერესებული არის საქართველოს საინვესტიციო კლიმატით და სამომავლო თანამშრომლობით, სააგენტოს ხელმძღვანელმა სრული ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს საქმიანობის, მიმდინარე პროექტების და სამომავლო გეგმების შესახებ. დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ბიზნეს გარემომ და საინვესტიციო შესაძლებლობებმა, კერძოდ ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის პროექტებმა.
შეგახსენებთ, რომ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა საქართველოში, რომელიც ერთგვარი მედიატორია კერძო სექტორსა და მთავრობას შორის და რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.