მთავარი სიახლეები ქართველი დიზაინერების პროდუქცია საერთაშორისო გამოფენაზე Pitti Immagine Uomo იქნება წარდგენილი

ქართველი დიზაინერების პროდუქცია საერთაშორისო გამოფენაზე Pitti Immagine Uomo იქნება წარდგენილი


ბიზნესი


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და „MERCEDES BENZ TBLISI FASHION WEEK”-თან თანამშრომლობით , 6 ქართველი მამაკაცის სამოსისა და აქსესუარების ხაზის დიზაინერის პროდუქცია 12-დან 15 ივნისის ჩათვლით იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში საგამოფენო ღონისძიებაზე Pitti Immagine Uomo იქნება წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს  საქართველო ღონისძიებაში   საპატიო ქვეყნის სტატუსით პირველად მიიღებს მონაწილეობას, რისი გათვალისწინებითაც   საგამოფენო სივრცის კონცეფცია მხოლოდ  მოდის ინდუსტრიით არ შემოიფარგლება. გამოფენაზე  წარმოჩენილი იქნება  საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიისა და ტურიზმის პოტენციალი, კინოგადაღების კუთხით არსებული ლოკაციები, რასთან ერთადაც , ხაზი გაესმება ზოგადად ქვეყნის კულტურის საერთაშორისო დონეზე წარდგენას, ცნობადობის ამაღლებასა და ამასთანავე, მეღვინეობა ხარების მხარდაჭერით სტუმრები შეძლებენ ქართული ღვინისა და ტკბილეულის დაგემოვნებას. 

Pitti Immagine Uomo უკვე 46 წელია მამაკაცთა ხაზის დიზაინერებისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პლატფორმად ითვლება. გამოფენაზე ყოველწლიურად წარმოდგენილია 1,244-ზე მეტი ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით. ფლორენციის უზარმაზარ საგამოფენო პავილიონებში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი  დიზაინერი, ბლოგერი და  25,000-მდე შემსყიდველი (ე.წ. „ Buyer”) 120 სხვადასხვა ქვეყნიდან იყრის თავს. გასული წლის მონაცემებით ღონისძიებას  36,000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. საიდანაც 2,000 ჟურნალისტი  ცნობილ ჟურნალ-გაზეთებს, ელექტრონულ გამოცემებსა და ტელევიზიებს წარმოადგენს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ამერიკა, ინგლისი, ჩინეთი, გერმანია, იაპონია, საფრანგეთი, ესპანეთი, რუსეთი, ჰოლანდია, სამხრეთ კორეა და ა.შ.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 6 ქართველი დიზაინერი, კერძოდ: „აზნაური“, „ანუკა ქებურია“, „ვასკა“, „ტატუნა ნიკოლაიშვილი“, “Gola Damian” და „Situationist“ წარადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ღონისძიება ერთ-ერთი კარგი საშუალებაა შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ, ქართველ დიზაინერებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი პროდუქტი გააცნონ ფართო აუდიტორიას, სათანადო ბიზნესკავშირები დაამყარონ პოტენციურ დამკვეთებთან და საერთაშორისო მასშტაბით მოახდინონ ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია.

 

 

ონლაინ ჩატი
×