საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, შპს „ფლექსმედია“, რომელიც 2012 წლიდან ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს, გაფართოებას შეძლებს.
აღნიშნულმა სარეკლამო კომპანიამ, მაღალი ხარისხის პროდუქტით შეძლო ადგილობრივ ბაზარზე დაემკვიდრებინა თავი და გამხდარიყო სარეკლამო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი. გაფართოების შედეგად, კომპანია შეიძენს ახალი მაღალ-ტექნოლოგიური დანადგარებს, რომლის მეშვეობითაც მაღალი ხარისხით ბეჭდვას სხვადასხვა ზედაპირებზე და ასევე არსებული სერვისების გაუმჯობესებას შეძლებს. აღნიშნული დაეხმარება უფრო ეფექტურად მოემსახუროს მსხვილ კომპანიებს და ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს მომხმარებელს პროდუქცია.
კომპანია რომელიც ვაჟა-ფშაველას #43-ში მდებარეობს, ახალი ძალებით ივლისი ბოლოს ამოქმედდება. გაფართოების შედეგად სამუშაო ადგილების ზრდა ორ ეტაპად იგეგმება, რის შედეგადაც დამატებით 12 ადამიანი დასაქმდება და მომუშავეთა საერთო რაოდენობა 32-ს მიაღწევს.
შპს „ფლექსმედია“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 700,100 ლარს შეადგენს.
2018 წლის მაისის მონაცემებით „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 367 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 888 მლნ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 460 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 14,000- მდე ახალი სამუშაო ადგილი.