სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ BPO სექტორის ლიდერების სამიტს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების 20-მდე წარმომადგენელი ეწვია.
სამიტი სააგენტოს დირექტორმა - მიხეილ ხიდურელმა გახსნა და ღონისძიების სტუმრებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა ყველა იმ უნიკალურ შესაძლებლობასა და უპირატესობაზე, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ BPO სექტორის საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს - მარიამ ქვრივიშვილს. მინისტრმა სტუმრებს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკისა და ეკონომიკური კლიმატის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, საქართველო ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით. შედეგად, ქვეყანაში ოპერირება დაიწყეს ინდუსტრიის ტოპ ხუთეულში შემავალმა კომპანიებმა, როგორიცაა TP და Concentrix. დღეს ასეთი დიდი კომპანიები საქართველოდან ემსახურებიან Fortune 500-ის წამყვან ბრენდებს, ათასობით ადამიანს ასაქმებენ და ქვეყანაში ნერგავენ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის სტუმრებმა თავად მოინახულეს რამდენიმე ქართული და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის "გირტეკა", "სვიფტ დიჯითალი" და"ევოლვექსი" და გაეცნენ მათ საქართველოში საქმიანობის გამოცდილებას.
„აწარმოე საქართველოში“ ჩართულობით, BPO სექტორის განვითარება საქართველოში დაახლოებით ათი წლის წინ გადავიდა ახალ ეტაპზე. სააგენტო აქტიურად ახორციელებს სფეროს მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის პოლიტიკას. მომზადდა არაერთი სექტორული კვლევა და საინვესტიციო ანალიტიკური ანგარიში, ქვეყანაში შედგა BPO სექტორის ლიდერების ვიზიტები, საქართველო წარდგენილი იყო 30-ზე მეტ საერთაშორისო ფორუმზე, სადაც გლობალურმა მოთამაშეებმა გაიცნეს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. ასევე, ამოქმედდა FDI გრანტის პროგრამა, რომელიც დამატებით წამახალისებელი მექანიზმია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ ინდუსტრიის ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი სულ უფრო მზარდია.