მთავარი სიახლეები პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყანას ამერიკელი და ბრიტანელი პროდიუსერები საქმიანი ვიზიტით ეწვიენ

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყანას ამერიკელი და ბრიტანელი პროდიუსერები საქმიანი ვიზიტით ეწვიენ




საქართველო საერთაშორისო კინოინდუსტრიის ინტერესის არეალშია. სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყანას საქმიანი ვიზიტით ამერიკელი და ბრიტანელი კინოპროდუსერების დელეგაცია ეწვია. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო კომპანია HBO East Coast Production-ის ვიცე-პრეზიდენტი ბარბარა კეივერი, რომელიც გასართობი და დოკუმენტური კონტენტის შექმნის პარალელურად, HBO-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალის კურატორია.

ვიზიტის ფარგლებში, პროდიუსერები ეწვივნენ თბილისს, მცხეთას, ქუთაისს, ბათუმსა და ყაზბეგს, მოინახულეს ისტორიული არქიტექტურული ძეგლები და გადაღებებისთვის საინტერესო ლოკაციები. გარდა ამისა, პროდიუსერები გაეცნენ საქართველოში კინო და ტელე-წარმოების პროცესს და ადგილობრივ სპეციალისტებთან შეხვედრები გამართეს. 

სახელმწიფო პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო პროდიუსერებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოში გადაიღონ ფილმი ან სხვა სახის აუდიოვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20–25%-მდე უკან დაიბრუნონ. დღემდე 65 პროექტია მხარდაჭერილია, რომლის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა 200 მილიონ ლარს აღემატება.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ და ქართული კინოინდუსტრიის პოპულარიზაცია აქტიურად ხდება სხვადასხვა წამყვან საერთაშორისო კინოფესტივალებსა თუ კინომარკეტებზე, მათ შორისაა: კანის და ბერლინის კინოფესტივალები, ანსის ანიმაციური ფილმების ფესტივალი და ამერიკული კინო ბაზრობა. შედეგად, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, სულ უფრო აქტუალური ხდება და  უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს. ამასთან, „გადაიღე საქართველოში“ ხელს უწყობს ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარებასაც, რადგან პროგრამის მხარდაჭერილ კინოპროექტებში, ძირითადად, ადგილობრივი კადრები არიან დასაქმებული.

ონლაინ ჩატი
×