2014 წლის 27 ივნისს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, საქართველოს ლოჯისტიკურად ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად იყო პირველი ბიძგი იმისა, რომ რეალურად გვეფიქრა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე. შეღავათიანმა საბაჟო რეჟიმმა მოგვცა შანსი კონკურენცია გაგვეწია ისეთი მწარმოებელი ქვეყნებისათვის, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ა.შ.
არჩევანი შეჩერდა ცხოველების ავეჯის წარმოების დაწყებაზე. ეს გამოწვეული იყო პროდუქციის სპეციფიკის ცოდნით და გამოცდილებით, რადგან ჩვენს ჰოლდინგში შემავალი კლიენტთა მომსახურების ონლაინ სერვის-კომპანია “GSG” რამდენიმე წლის განმავლობაში მომსახურებას უწევდა ევროპის ბაზარზე ცხოველების ავეჯის, საკვებისა და სხვა აქსესუარების მიმწოდებელ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას.
წარმოების მიმართულების არჩევანი განაპირობა კონტაქტმა ცხოველების ავეჯის, საკვებისა და სხვა აქსესუარების ევროპის ბაზარზე მიმწოდებელ კომპანიასთან. ეს ნამდვილად იყო გამართლება, რადგან გაგვიადვილდა ევროპელი მომხმარებლისათვის იმ პროდუქციის შეთავაზება, რომელზეც უკვე არსებობდა მოთხოვნა.
მრავალი წლის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრების დროს გვქონდა დიდი სურვილი, ევროპელი მომხმარებლის ოჯახში გაჩენილიყო პროდუქტი წარწერით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში), რაც ხელს შეუწყობდა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.
ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი კომპანიის წარმატება გამხდარიყო სხვა ქართული კომპანიების წინსვლის თანამონაწილეც. ამისთვის, საქმიანობის დაწყებისთანავე ვცდილობთ, რომ საჭირო ნედლეული თუ დამხმარე მასალები მაქსიმალურად შევისყიდოთ ადგილობრივი მომწოდებლებისაგან. გარდა ამისა, გვინდოდა, რომ დაგვესაქმენინა რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რაც მცირე წვლილი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
ჩვენს საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარია. კომპანიის დაარსება შესაძლებელი გახდა პროექტის „აწარმოე საქართველოში“ უშუალო თანამონაწილეობით. გარდა ფინანსური კონტრიბუციისა, პროექტის ფარგლებში მივიღეთ არაერთი მნიშნვნელოვანი კონსულტაცია და ტრენინგი, რაც დაგვეხმარა პირველი ნაბიჯების გადადგმაში. პროექტის თანამშრომლები მზად არიან, რომ ოპერატიულად გაგვიწიონ დახმარება ჩვენთვის საჭირო საკითხში.
ჩვენი პირველი წარმატება საწარმოს ტერიტორიიდან ევროპის მიმართულებით გასული პირველი კონტეინერი იყო. ჩვენი თავდაუზოგავი შრომით და გაყიდვების პლატფორმაზე ევროპელი მომხმარებლების დადებითი შეფასებების მეშვეობით, ერთი კონტეინერი დროთა განმავლობაში რამდენიმე ათეულად გადაიქცა.
უახლოეს მომავალში განხორციელდება ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული ცხოველების საკვების ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ხორცპროდუტების საქართველოდან ევროპაში გატანის პირველი შემთხვევა იქნება.
ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ხარისხია. მსგავსი პროდუქციის მწარმოებელი სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ჩვენთვის მიუღებელია დამაკმაყოფილებელი ხარისხი. ჩვენგან გასული თითოეული ერთეული გადის ხარისხის უმკაცრეს კონტროლს. მაღალი ხარისხი გულისხმობს როგორც პროდუქციაში გამოყენებულ ეკოლოგიურად უსაფრთხო ნედლეულს, ასევე, მისი შესრულების სიზუსტეს. ლოჯისტიკური კუთხით, ოპერატიულობაც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარეა.
5 წლის წინ წარმოება დავიწყეთ ერთი დასახელების პროდუქტით. დღეს ჩვენს საწარმოში დასაქმებული 500-მდე ადამიანი, პროდუქციის 100-მდე სახეობას აწარმოებს. ძირითადად, ორიენტირებული ვართ ევროკავშირის ქვეყნებზე - გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი, ბელგია, ინგლისი, პოლონეთი, ესპანეთი. ახლახანს გადავდგით პირველი ნაბიჯები პროდუქციის აშშ-ში ექსპორტის მიმართულებით.
ჩვენი კომპანია ცხოველების ავეჯისა და საკვების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანიაა, რომლის წყალობითაც უამრავი ევროპელი მომხარებლის ოჯახში გაჩნდა პროდუქცია წარწერით “MADE IN GEORGIA”.