მთავარი სიახლეები კვირის მეწარმე - დავით კაციტაძე

კვირის მეწარმე - დავით კაციტაძე




  • საქმიანობის წამოწყების მოკლე ისტორია

მე და ჩემი მეგობრები მივხვდით, რომ ქართულ ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოების ნაკლებობა იყო. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ქართული,  სათამაშოები, რომლებიც ვიზუალითა და ხარისხით იმპორტირებულ პროდუქტს ჩაანაცვლებდა.  დავიწყეთ პროცესი და დავრწმუნდით, წინ უამრავი გამოწვევა გვქონდა გადასალახი. ბაზრის მოკვლევისას მივხვდით, რომ მთავარი გამოწვევა ხის სათამაშოების მიმართ, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება იყო, როგორც დანიშნულებასა და ფასთან, ასევე, მის ხარისხთან მიმართებაში. ასევე, გავაცნობიერეთ, რომ საქართველოში არ არსებობდა პროფესიონალი კადრი, რომელიც წარმოების პროცესში დაგვეხმარებოდა.  პრაქტიკულად მოგვიხდა დაუმუშავებელ მიწაზე შესვლა, სადაც გასაკეთებელი ძალიან ბევრი იყო.

  • საიდან წამოვიდა სტარტაპის შექმნის მთავარი იდეა და რა არის მთავარი ინსპირაცია?

მაშინ, როცა ბავშვები პატარები იყვნენ, ვცდილობდით   უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები შეგვეძინა, რომლებსაც მათ განვითარებაში გარკვეული ფუნქცია ექნებოდა. აქედან გამომდინარე, 2005 წელს, შევქმენით ჩვენი პირველი სამაგიდო თამაში ,,საფეხბურთო მენეჯერი“. კომპანიის ,,კუბიკის“ შექმნის ინსპირაციას, კი ისევ და ისევ ჩვენი შვილები წარმოადგენენ.

  • რამდენად დაგეხმარათ სააგენტოს პროგრამა, საქმიანობის დასაწყებად?

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ჩვენი პროდუქტი საერთაშორისო ბაზრებზე გავიდა და ძალიან მოთხოვნადი გახდა. კერძოდ, სააგენტოს ორგანიზებით და თანადაფინანსებით, კომპანიამ მსოფლიოში რამდენიმე ყველაზე დიდ და მასშტაბურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. სტარტაპერისთვის მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ძალიან დიდ შესაძლებლობასა და სტიმულს წარმოადგენს. გამოფენის შედეგად მოვახერხეთ საფრანგეთის წარმომადგენლებთან ბიზნესკავშირების დამყარება და ჩვენი პროდუქტის ექსპორტი საფრანგეთში განვახორციელეთ.

  • რითი არის გამორჩეული თქვენს მიერ წარმოებული პროდუქცია?

მოხარული ვარ თამამად ვთქვა, რომ ხის სათამაშოების მასიური წარმოება, რომელიც ამავდროულად აკმაყოფილებს ევროპულ დირექტივას - ჩვენი დანერგილია. მაღალი ხარისხი, ახალი ხედვები და მსოფლიოში არსებული სათამაშოების ტრენდების გათვალისწინება, ჩვენს პროდუქციას გამორჩეულს ხდის. ამასთანავე, ქართული სათამაშოების ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე პირველად გავიდა და დავამტკიცეთ, რომ ამ სექტორს აქვს დიდი პოტენციალი.

  • რა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა თქვენი ბიზნესი მსგავსი სხვა ბიზნესებისგან?

ხარისხი და ეკოლოგიურობა -  ეს არის ამომავალი წერტილი ჩვენი საქმიანობისა. ამასთანავე, ვცდილობთ მაქსიმალურად სწორად მოვარგოთ დიზაინი და მივანიჭოთ სწორი დანიშნულება, რომელიც საბოლოო ჯამში ჰარმონიული რწყმაა ქართული და ამავდროულად ევროპული სტანდარტების მიხედვით შექმნილი სათამაშოსი. 

  • რამდენი სახეობის სათამაშოს აწარმოებს დღეს კომპანია და სად ხდება მისი რეალიზაცია?

წარმოებაში 22 სახეობის სათამაშო გვაქვს. 2019 წლის ბოლომდე წარმოება გაიზრდება 50 სახეობამდე. 2020 წლამდე კი, 200 სახეობის სათამაშოს წარმოებას ვგეგმავთ.

ამ ეტაპზე სათამაშოების რეალიზაციას ქართულ ბაზარზე ვახორციელებთ და პროდუქტი დღეისათვის რამდენიმე დიდ ქსელში იყიდება. სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა,  პროდუქციის ექსპორტსაც უკავშირდება და  გატანას საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის ბაზრებზე ვფიქრობთ.

  • რამდენად დიდია აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა?

პროდუქტზე მოთხოვნა, მომხმარებელთა ცნობიერების გაზრდასთან ერთად, დღითიდღე იზრდება. ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, რომელიც ძალაში  2020 წლის 1 იანვრიდან შედის და საფრთხის შემცველი სათამაშოების იმპორტის შეზღუდვას გულისხმობს, ბაზარზე ადგილების გამოთავისუფლებას გამოიწვევს და ჩვენი პროდუქტის მოთხოვნას გაასამმაგებს. აღნიშნული სიცარიელის შესავსებად კი ჩვენი კომპანია, სრულიად მზადაა.

  • თქვენი აზრით რატომ გახდით „კვირის მეწარმე“?

აღნიშნული სექტორი ბაზრისთვის ახალი იყო და შესაბამისად წარმოების დაწყებისას ძალიან ბევრ სირთულეს გადავაწყდით. თუმცა ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ წარმოების განვითარება და მიგვეყვანა იქამდე, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. გაგვემართა წარმოების პროცესი, გვეპოვნა კვალიფიციური კადრები, გვეწარმოებინა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც სრულიად უსაფრთხო იქნებოდა ჩვენი შვილებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, შეგვექმნა ქართული პროდუქტი, რომლითაც დავამახსოვრებდით თავს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო მომხმარებელს. მსგავსი საწარმო რეგიონში ერთადერთია და იმედს ვიტოვებთ, წარმოების ზრდას და განვითარებას სამომავლოდაც გავაგრძელებთ.

ონლაინ ჩატი
×