მთავარი სიახლეები #იყავიშემდეგი - ,,ქარუ"

#იყავიშემდეგი - ,,ქარუ"




2018 წელს შეიქმნა კომპანია, რომელმაც ავტომობილის შეკეთების გამოცდილება ქართველი მძღოლებისთვის სრულიად შეცვალა. ეს არის „ქარუ“ - ქართული პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევს მანქანის შეკეთების უსიამოვნო პროცესი გადააბარო ავტოასისტენტს და მანქანა შეკეთებული დაიბრუნო.

სარბენ ბილიკზე გაჩენილი ბიზნესიდეა ნიკა აბაშიძისთვის წარმატებული აღმოჩნდა და „ქარუს“ ანგარიშზე დღეს უკვე 50.000-ზე მეტი შეკეთებული მანქანაა.

და მაინც, რა არის მთავარი გამოწვევა ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც ბიზნესის წამოწყება სურს? ნიკას შემთხვევაში ეს ფინანსური კაპიტალი იყო. ამის გადასაწყვეტად ჯერ GITA-ს, შემდეგ კი, როცა კრედიტის აღებისას საფინანსო კომპანიასთან პრობლემა შეექმნა, ჩვენი სააგენტოს სესხის უზრუნველყოფის პროგრამით ისარგებლა.

,,ვფიქრობ, ერთადერთი შეცდომა, რომელიც დავუშვი იყო ის, რომ არ ვიმოქმედე უფრო სწრაფად. რისკებზე ფიქრი ხელს გვიშლის იდეის განხორციელებაში — არ გადადო საქმე, ადექი და გააკეთე, რაც შეიძლება მალე. ამაზე კარგს ვერაფერს გირჩევთ" - ნიკა აბაშიძე, „ქარუ“-ს დამფუძნებელი.

კომპანიაში დასაქმებულთა გარემო საკმაოდ ინკლუზიურია - მუშაობს ყველა, განურჩევლად სქესისა და მდგომარეობისა. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის კმაყოფილებაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამშრომლებზე ზრუნვა, რადგან, მათივე თქმით,  თუ თანამშრომელი ბედნიერი არაა, მომხმარებელს წესიერად ვერ მოემსახურება.

„ქარუ“ გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც 2019 წელს სამსახურში ოფიციალურად დაასაქმა ძაღლი. ბიგლუ თანამშრომლების განწყობაზე ზრუნვის დეპერტამენტის უფროსია და ის ანაზღაურების სახით დღეში ორჯერ კვებასა და 1-საათიანი სეირნობას იღებს.

ცოტა ხნის წინ ,,ქარუ“-ს სერვისით სარგებლობა აშშ-შიც შესაძლებელი გახდა.

„ამერიკის ბაზარი ძალიან დიდია, ამიტომაც ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ და განვვითარდეთ. აქ მუშაობის იმავე მოდელს ვიყენებთ და ჩვენი სერვისით ბევრი სარგებლობს, განსაკუთრებით ხანდაზმულები, რომელთათვისაც მარტივი და კომფორტული სერვისი პრიორიტეტულია.“- ნიკა აბაშიძე, „ქარუ“-ს დამფუძნებელი.

წელს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიებიდან - TechCrunch Disrupt ვირუსულად გავრცელდა ფოტო, სადაც ნიკას მაისური აცვია წარწერით: ,, ARR $1.6M Gross Profit $570K (წლიური საშუალო შემოსავალი $1.6 მლნ - მოგება $570 ათასი). როგორც აღმოჩნდა, ღონისძიების ორგანიზატორებმა „ქარუს“ უარი უთხრეს სტენდის განთავსებაზე, ნიკამ კი  სათქმელი მარტივად, მაისურზე გადმოიტანა.

„ქარუ“-ს შემთხვევა იდეალური მაგალითია იმისა, რომ  მარტივი იდეითა და ღირსეულიული პრიორიტეტებით შესაძლებელია გამორჩეული ბრენდის შექმნა, წარმატების მიღწევა და ისეთ მასშტაბურ ბაზარზე გასვლა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.

 

 

ონლაინ ჩატი
×