დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილება შევიდა. წარმოდგენილი ცვლილების თანხმად მთავრობის შესაბამის დადგენილებას დაემატა ქვეყნის ეკონომიკისთვის ისეთი ახალი და პრიორიტეტული ინდუსტრიები, როგორებიცაა: ტურისტული სერვისების ინდუსტრია, რომელიც თავის თავში მოიაზრებს თემატურ პარკებსა და სათავგადასავლო ტურისტულ სერვისებს და კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების ინდუსტრიას.
საქართველო, თავისი კლიმატურ-გეოგრაფიული მაჩვენებლების გათვალისწინებით ძალიან მდიდარია კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტებით, წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელებულია აღნიშნულ გეოგრაფიულ ლოკაციებზე სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის სპეციალური რეჟიმის ამოქმედება. აღნიშნული რეგიონების პოტენციალის წარმოჩენის, ტურისტული აქტივობისა და მდგრადი ეკონომიკური სარგებლის მომტანი საწარმოების შექმნის მიზნით, აღნიშნული ინიციატივის შემუშავებისას ბალნეოლოგიური კურორტის პროფილისა და მისი სამკურნალო, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი დანიშნულების შესწავლის საფუძველზე, ბალნეოლოგიურ კურორტზე სასტუმროს განთავსების შემთხვევაში მინიმალური სესხის მოცულობა განისაზღვრება 200 000 (ორასი ათასი) ლარით, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 3 000 000 (სამი მილიონი) ლარით. ამასთანავე, თუკი აღნიშნულ ლოკაციაზე მოხდა საერთაშორისო ბრენდის სახელის ქვეშ მოქმედი სასტუმროს მშენებლობა სესხის მაქსიმალურ მოცულობად განისაზღვრა 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი.
ცვლილებების დამუშავების ეტაპზე, შესწავლილ იქნა ქვეყნის გეოგრაფიული არეალების საჭიროებები და პოტენციალი ტურიზმის მიმართულებით, რის საფუძველზეც პროგრამის ფარგლებში გაიმიჯნა ტურისტული სერვისებისა და განთავსების საშუალებების გავრცელების ტერიტორიები. აღნიშნულის გათვალისწინებით იმ რეგიონში სადაც ტურისტული სერვისების მიმართულებით დაბალია ეკონომიკური აქტივობა, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ ტურისტული სერვისები, ხოლო იქ სადაც შედარებით დაბალია ეკონომიკური აქტივობა ტურისტული განთავსების მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ ტურისტული განთავსებები.
თემატური პარკებისა და სათავგადასავლო ტურისტული სერვისების ფარგლებში დასახელებული პროექტის დახმარებით შესაძლოა ქვეყანაში გაჩნდეს ისეთი საინტერესო ტურისტული/გასართობი/სათავგადასავლო ობიექტები, როგორიცაა ენთო/ეთნოგრაფიული პარკები, ვეიკ პარკები (Wake park), სახმელეთო, საჰაერო და საწყალოსნო ტურიზმის ისეთი ინოვაციური სახეობები, როგორებიცაა ე.წ. ზიპ ლაინი, პარაპლანი, სერფინგი, ჯომარდობა და ა.შ. აღნიშნული საინტერესო და ინოვაციური მიმართულებების პროგრამაში ჩართვა ხელს შეუწყობს ტრადიციული ეკონომიკური საქმიანობების ჩანაცვლებას თანამედროვე ბიზნეს აქტივობებით.
საზღვაო თევზჭერა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიერ მხარდაჭერილ ბიზნესთა ჩამონათვალს დაემატა. ცვლილებები ითვალისწინებს სესხის თანადაფინანსებას 2 - წლიანი ვადით. გემის ლიზინგის ღირებულების ჩარჩოები 100,000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე იქნება, ხოლო სესხის მოცულობა 150,000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე. შედეგად ადგილობრივი მეთევზეები უჩნდებათ საშუალება შეიძინონ თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემები, რითიც მნიშვნელოვნად გაზრდიან წარმადობას და შემოსავალს.
მთავრობის ინიციატივა საქართველოში თევზჭერის დარგის განვითარებას, თევზჭერი ფლოტის მნიშვნელოვან განახლებას და დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ემსახურება, რაც თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას და ახალ სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს.