საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქართულმა კომპანიებმა ესტონელ და ლატვიელ კოლეგებთან ბიზნეს კავშირების დამყარების პერსპექტივები განიხილეს.
ესტონეთისა და ლატვიის წამყვანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კომპანიების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივ კომპანიებს მათთან კონტაქტების დამყარებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოტენციალის შეფასების შესაძლებლობა მიეცათ. ესტონურ-ლატვიური დელეგაციის მონაწილეობით 5 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ბიზნეს შეხვედრების (B2B) ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სსიპ „აწარმოე საქართველოში“, ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტი - „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“, საქართველოს ICT (აისიტი) კლასტერი და ბალტიის ინოვაციების სააგენტო.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა ნიკოლოზ ალავიძემ.
ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარების თემატური კოორდინატორი ბ-ნი დომინიკ პაპენჰაიმი. „ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ციფრულ ტრანსფორმაციას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ევროკავშირისთვის. ევროკავშირმა თავიდანვე მხარი დაუჭირა საქართველოს ICT კლასტერის დაფუძნებას, რადგან გვჯერა, რომ ადგილობრივ კომპანიებს შორის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სექტორის განვითარებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს კონკურენტუნარიანობისთვის. ვისურვებდით, რომ ესტონური და ლატვიური კომპანიების ვიზიტის შედეგად ახალი ბიზნეს იდეები და პროექტები გაჩნდეს.“ - აღნიშნა ბ-ნმა პაპენჰაიმმა.
საქართველოს სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის საქართველოში წარმოებული პოლიტიკა, ამ სექტორში ბიზნესის წარმოების და ინვესტირების შესაძლებლობები და ინოვაციების ხელშემწყობი ეკოსისტემა.
ღონისძიების პლენარულ ნაწილში საქართველოს ICT კლასტერს მიეცა შესაძლებლობა უცხოელი სტუმრებისა და ღონისძიების მონაწილე სხვა ადგილობრივი კომპანიების წინაშე წარმოედგინა კლასტერის საქმიანობის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.
„ახლადშექმნილი საქართველოს ICT კლასტერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესტონელი და ლატვიელი კოლეგების მხრიდან გამოცდილების გაზიარება. დღეს ჩვენ ძლიერ საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირების დამყარების მეშვეობით, გარე ბაზრებზე წვდომის მნიშვნელოვანი არხი გაგვიჩნდა.“ - აღნიშნა ქ-ნმა ნანა მიქაშავიძემ, საქართველოს ICT კლასტერის მენეჯერმა.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო ესტონურ და ლატვიურ კომპანიებთან პირისპირ (B2B) შეხვედრებს, სადაც მოხდა ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის სფეროების იდენტიფიკაცია და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივების გამოვლენა. 11 ქართული კომპანიის წარმომადგენლებს, მ.შ. საქართველოს ICT კლასტერის წევრებს, ჰქონდათ შესაძლებლობა წინასწარ დარეგისტრირებულიყვნენ B2B შეხვედრებისთვის ესტონურ კომპანიებთან - Helmes, B2B-Trade OÜ, Elisa Eesti AS, AS Levira; თანამშრომლობის პლატფორმა Smart City Lab-ის, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტისა და ლატვიური აქსელერატორის Buildit Latvia-ს წარმომადგენლებთან.
„ვიზიტმა შესაძლებლობა მოგვცა მიგვეღო ინფორმაცია საქართველოს ICT სექტორში მიმდინარე პროცესების შესახებ და უკეთესად დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან საქართველოს, ესტონეთისა და ლატვიის ეკოსისტემები. ასევე, ამ ღონისძიებამ ხელი შეუწყო ახალი პარტნიორების მოძიებას და ქვეყნებს შორის ერთობლივი პროექტების განვითარებას“ - განაცხადა ბ-ნმა რენე ტონისონმა, ბალტიის ინოვაციების სააგენტოს მმართველი საბჭოს წევრმა.
6 ივნისს ესტონურ-ლატვიური დელეგაციის წევრები ტექნოპარკს ეწვევიან და მის სერვისებსა და საქმიანობას გაეცნობიან.