მთავარი სიახლეები „SOFA“- ევროპული კინოაგენტების ტრეინინგი

„SOFA“- ევროპული კინოაგენტების ტრეინინგი


ბიზნესი


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხადაჭერით, გერმანია-საქართველოს მეგობრობის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, საქართველოში 2018 წლის 23-27 აპრილს  „SOFA - School of Film Agents - კინოაგენტების სკოლა“ დასკვნითი ვორქშოფი ტარდება. 

SOFA პროფესიული ვორქშოფია, რომელიც ახალგაზრდა და ძლიერი პროფესიული პოტენციალის მქონე კინო აგენტების მოსამზადებლად არის მიმართული. კინოაგენტი არის ყველა ის პირი, რომელიც პირდაპირ არ არის კავშირში კინოწარმოებასთან და არ გულისხმობს რეჟისურას. მაგალითად, კინოაგენტებში იგულისხმება; კინოდისტრიბუტერები, საფესტივალო მენეჯერები, გაყიდვენის აგენტები, დამოუკიდებელი აღმასრულებელი პროდუსერები, არქივის სპეციალისტები, კინო ინოვაციების მენეჯერები და სხვა.

თბილისში SOFA-ს საერთაშორისო კვირეულისთვის შერჩეული მონაწილეები, ერთის მხრივ, განავითარებენ და გაამყარებენ საკუთარ პროექტებს, და მეორეს მხრივ, უფრო ახლოს გაიცნობენ ქართულ კინოინდუსტრიას. დაგეგმილია პრეზენტაციების და მრგვალი მაგიდის ფორმატი.  8 მაღალკვალიფიციურ ექსპერტს  შორისაა ქართველი მენტორი - თამარ ტატიშვილი, რომელიც ევრიმაჟის და EFP-ის წარმომადგენელია საქართველოში. ვორქშოფში მონაწილეობენ მომავალი კინოაგენტები ევროპიდან და საქართველოდან.

აღსანიშნავია, რომ 25 აპრილს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენელი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს გამოცდილებას საქართველოს საერთაშორისო პოპულარიზაციაზე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის და ამომწურავი ინფორმაციას მიაწვდის ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ.

აღნიშნული ვორქშოფის ხელმძღვანელია ნიკოლაი ნიკიტინი, რომელიც ამავდროულად ბერლინალეს კინოფესტივალის ოფოციალური დელეგატია და  საქართველოში წარმოებული ფილმების სექციას კურირებს.

გარდა ტრეინინგისა, SOFA-ს კვირეულის ფარგლებში ჩატარდება სამი ღია ღონისძიება:

სონია ჰაინენის - EFP-ის (European Film Promotion) დირექტორის საჯარო პრეზენტაცია         (25 აპრილი, 14 : 30, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ამ ორგანიზაციის წევრი 2011 წლიდან და მონაწილეობს მის სხვადასხვა აქტივობაში, მაგალითად: Shooting Star - ირაკლი კვირიკაძის მონაწილეობა, Female Voices in cinema Sydney Film Festival - რუსუდან გლურჯიძის მონაწილეობა  და სხვა საერთაშორისო პროგრამები. 

ალექსეი გერმანის გახმაურებული ფილმის „დოვლატოვი“ ჩვენება და შეხვედრა ფილმის პროდიუსერთან - არტემ ვასილევთან. კითხვა-პასუხს მოდერაციას გაუწევს ქართველი მწერალი და დრამატურგი - ლაშა ბუღაძე. ფილმი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპაშიც. „დოვლატოვი“ ბოლო ბერლინალეს პრიზიორია. (24 აპრილი, 19:00, საქართველოს კინოაკადემიის დარბაზი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2)

კეტრიელ შორის - ისრაელის კინოცენტრის დირექტორის ღია ლექცია მცირებიუჯეტიანი წარმოების სპეციფიკის შესახებ. (26 აპრილი, 14 : 30, გოეთეს ინსტიტუტი )

პროექტს SOFA ერთობლივად ახორციელებენ კომპანია Film Plus (გერმანია), დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი და Takes Film (საქართველო).

პროექტის მხარდამჭერები: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა „გადაიღე საქართველოში“, ევროკავშირის პროგრამა - “შემოქმედებითი ევროპა”.

პროექტის პარტნორები არიან: პოლონეთის კინოინსტიტუტი, ვარშავის კინოკომისია, კარლოვი ვარის კინოფესტივალი, გოეთეს ინსტიტუტი, ისრაელის კინოფონდი. 

მონაწილეობის მსურველებისთვის უკვე დაწყებულია ახალი აპლიკაციების მიღება SOFAს მე-6 გამოშვებისთვის.  კინოთი დაინტერესებულ კულტურის მენეჯერებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ აგვისტოში - ვარშავაში გამართულ სესიაზე და 2019 წელს თბილისში გამართულ წორქშოფზე. დეტალებს გაეცანით ვებგვერდზე: www.joinsofa.org.

SOFA-ს შესახებ 

SOFA კინოაგენტების სკოლა 2013 წლიდან არსებობს. იგი ტარდება პოლონეთში და ხელს უწყობს მონაწილე პროექტებს ევროპის წამყვან სპეციალისტებთან ერთად ეტაპობრივ დახვეწას. თითოეული მონაწილე წარმოადგენს მისი აქტივობის სამოქმედო გეგმას და ერთი წლის განმავლობაში მუშაობს გეგმის შინაარსობრივ და ბიზნესპარამეტრების დახვეწაზე. მაგალითად, მუნიციპალური კინოთეატრის ჩამოყალიბება საქართველოში, უკრაინული კინოპრომოუშენის შექმნა, საბავშვო ფილმების გავრცელების საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის შექმნა, ბელორუსში კინოს შესახებ კანონმდებლობის პაკეტის მომზადება და სხვა.

SOFA-ს ხელმძღვანელობა მონაწილე ქვეყნების მთავარ პრობლემად განსაზღვრავს არასაკმარისად განვითარებულ კინოსექტორს, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებს როგორიცაა დისტრიბუცია, საფესტივალო სტრატეგია, სააავტორო ფილმების გავრცელება, საარქივო საქმიანობა და სხვა. სკოლა მიზნად ისახავს რეგიონული კინოკულტურის სისუსტეების ეტაპობრივ აღმოფხვრას აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში. კინოაგენტების სკოლა ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს ცალკეული მონაწილე პროექტების განვითარების ხელშეწყობით. შერჩეული მონაწილეები ავითარებენ მათ მიერ განსაზღვრულ პროექტებს: წერენ ბიზნეს-გეგმას, ადარებენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, ჰყავთ ევროპიდან ლიდერი მენტორები და სკოლის შუამდგომლობით უკავშირდებიან პოტენციურ დამფინანსებლებს. მონაწილეების ინოვაციურ პროექტებს აქვთ პოტენციალი რეალური ​ეფექტი მოახდინონ თავიანთი რეგიონის კინოინდუსტრიაზე.

 

 

 

 

ონლაინ ჩატი
×