საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჩინური მინი-სერიალის გადაღებები დაიწყება. „ნიღაბი” (The Mask”) - ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ქართულ-ჩინურ კოპროდუქციას, რომელზე ქართული საპროდიუსერო კომპანია „არსენ პროდაქშენი“ მუშაობს.
სერიალი დეტექტიური ჟანრის არის, სადაც მთავარ როლში ყოფილი პოლიციის ოფიცერი ჯი ფანია, რომელმაც პატარა ქალაქში მომხდარი რამდენიმე მკვლელობა უნდა გამოიძიოს. საინტერესოა, რომ მთავარ გმირს, ყველაფრის გამოასაშკარავებლად და დღის შუქზე გამოსატანად, გამოძიება საქართველომდე მოიყვანს. მოპარული ყელსაბამი, რომელიც ყოფილ პოლიციელს თბილისში ჩამოიყვანს მხოლოდ პატარა ნაწილია, იმ დიდი სურათისა, სადაც ჩინური, ვიეტნამური და ქართული მაფიებია გარეული.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებები, რომელიც ივნისის დასაწყისში დაიწყება, სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც 50-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ხოლო სერიალის შინაარსის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის შემდეგი ლოკაციები, კერძოდ: თბილისი და ბათუმი შეირჩა.
შეგახსენებთ, რომ ჩინური მხარის დაინტერესება პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში მოხდა, სადაც საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის მიზნით, წარმოდგენილი იყო კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია მიეღო ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ.
კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი სულ უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს. პროექტის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში უკვე 13 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 4 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნული 13 ფილმის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 20 მლნ ლარზე მეტია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 2 000 ადამიანს აღემატება.
ამასთანავე, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, სასიამოვნო წარმატებაც, რომ პროგრამის ფარგლებში შპს „იგელ პროდაქშენს“, "Betterfly Production"-ს, შპს "ჯიოსტარ ენთერპრაისს", სჯ "ფილმ პროდაქშენს", "Solution The Film"-ს რომლებიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდნენ, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა. აღნიშნული პროგრამა კი კიდევ უფრო მეტ პროდიუსერს უჩენს ინტერესს გადმოიტანონ კინოწარმოება საქართველოში და დაიბრუნონ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი.