მთავარი სიახლეები „უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პლათფორმის“ მეორე ეტაპი

„უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პლათფორმის“ მეორე ეტაპი


ბიზნესი


მიმდინარე წლის 21 მაისს,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, უნივერსიტეტების/ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების და ტექნოლოგიების (IT) სექტორში მოღვაწე კომპანიების ურთიერთანამშრომლობის პლათფორმის მეორე ეტაპი გაიმართება.  

ღონისძიების ფარგლებში, დელეგაცია ესტონეთიდან და ლატვიიდან, რომელიც საქართველოში ICT კლასტერის ჩამოყალიბებაზე მუშაობს, გამართავს პრეზენტაციას და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას ამ მიმართულებით.

ამასთანავე, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, რომელიც  ბიზნეს სექტორის მიერ დასმული საკითხების მიხედვით წარიმართება, კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები/პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლებსა და 50-მდე  ტექნოლოგიების (IT) სექტორში მოღვაწე კომპანიას საშუალება ექნებათ დისკუსიის ფორმატში განიხილონ კერძო სექტორის მთავარი საჭიროებები, მოთხოვნები და შესაძლებლობები, რაც სტუდენტების ცოდნას, კომპეტენციას და ამ მიმართულებით განვითარებას ხელს შეუწყობს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მხარდაჭერას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში უზრუნველყოფს. 

შენიშვნა:

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 19 მარტს, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პლათფორმის“ ფარგლებში სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სექტორში მოღვაწე 50-მდე კომპანიას შეხვდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით  დაგეგმილი სასწავლო პროგრამები  და მოისმინეს აღნიშნულ სფეროში მოღვაწე ადგილობრივი კომპანიების მოსაზრებები. ღონისძიება, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა, მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სექტორის კერძო სექტორთან სისტემური დაახლოების ხელშეწყობას, კერძო სექტორის მოთხოვნებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას, რათა ეფექტურად დაიგეგმოს სამომავლო აქტივობები.

 

 

 

 

 

ონლაინ ჩატი
×