მთავარი ბიზნესის განვითარება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა

 

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა

სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა, გარდა 2020 -2022 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ბენეფიციარებისა. პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაშიც.

 

პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

პროგრამის ფარგლებში 300-მდე ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.

 

 

 

 

2023 წლის ბიზნესიდეების მიღება დასრულდა

Grantsenterprise.ge

 

მიკრო და მცირე მეწარმეობა 2023

  • პროგრამის შინაარსი

    აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის მიზანია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ბიზნესის წამოწყებისათვის ან/და არსებულის გადაიარაღებისათვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება. პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარების გაწევის გზით, როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ მეწარმეებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.

    პროგრამის ორ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ბიზნესის წამოწყებისათვის ან/და არსებულის გაფართოება გადაიარაღებისათვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.

    ფინანსური მხარდაჭერა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 30 000 ლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსების არანაკლებ 90% უნდა იქნას გამოყენებული კაპიტალური დანახარჯების   ხოლო არაუმეტეს 10% -სა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

    ტექნიკური დახმარება ითვალისწინებს ზოგადი მეწარმეობის საკითებისა და ბიზნეს გეგმის შედგენაში ტრენინგების ჩატარებას პოტენციური ბენეფიციარებისთვის, რომლებიც წარმატებით გაივლიან პროგრამის ბიზნეს იდეების ეტაპს

  • პროგრამის ეტაპები

    პროგრამაში მონაწილეობა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

     

    • ბიზნესიდეების კონკური  - იდეების კონკურსის ფარგლებში ბიზნეს იდეების/ განაცხადების რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ რეჟიმში.
    • განაცხადების (ბიზნეს იდეების) განხილვა/შეფასება - ბიზნეს იდეების განხილვა/შეფასება განახორციელებს კონტრაქტორი ორგანიზაცია სააგენტოს მიერ დადგენილი და წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიითა და შეფასების კრიტერიუმებით.
    • პირველადი კანდიდატების დატრენინგება პროექტის (ბიზნეს გეგმა) შედგენაში - წარმატებული ბიზნეს განაცხადების ავტორებისთვის კონტრაქტორი ჩაატარებს ტრენინგებს მეწარმეობასა (მათ შორის საგადასახადო საკითხები) და ბიზნეს გეგმის შედგენასთან დაკავშირებით.
    • ბიზნეს გეგმების კონკურსი - ბიზნეს გეგმების კონკურსის ფარგლებში პროექტების მიღება ხორციელდება ონლაინ რეჟიმში.
    • წარმოდგენილი პროექტის (ბიზნეს გეგმები) შეფასება -  ბიზნეს გეგმების განხილვა განხორციელდება კონტრაქტორის მიერ, სააგენტოს დადგენილი და წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიითა და შეფასების კრიტერიუმებით, ასევე ბენეფიციართან გასაუბრების საფუძველზე. დამატებით, განხორციელდება ბიზნესის განხორციელების ადგილის მონიტორინგი.
    • ხელშეკრულების გაფორმება - ბიზნეს გეგმების შეფასების შედეგების შესაბამისად ბენეფიციარებთან ხელშეკრულების გაფორმება.
    • თანამონაწილეობის თანხის დახარჯვა - სააგენტოსგან გრანტის მიღებამდე ბენეფიციარმა უნდა გახარჯოს საკუთარი თანამონაწილეობის თანხა.
    • გრანტის თანხის ჩარიცხვა - სააგენტოს მიერ, გრანტის თანხა ბენეფიციარის ანგარიშზე ჩაირიცხება მას შემდეგ, რაც განხორციელდება ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის თანხით პროგრამული აქტივობების შესრულება და შესყიდვის სრული დოკუმენტაციის წარმოდგენა.
    • შუალედური და საბოლოო მონიტორინგი - პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ბენეფიციარის მიერ სამუშაოებისა და შესყიდული აქტივების, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის ადგილზე ინსპექტირება/ შემოწმება.
    • დამატებითი  ტრენინგები - დამატებით ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს კონტრაქტორი, ბენეფიციარების მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოსთან შეთანხმებით.
  • პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

     

    • არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქე
    • არ არის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის 2020-2022 წლის ბენეფიციარი / 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიცარი (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამის დადგენილება)
    • აცხადებს მზაობას ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა.
    • პროგრამის ახალმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს საკუთარი ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 20%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 10%  ოდენობით.
    • პროგრამის არსებულმა ბენეფიციარმა  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 50%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 25%
    • ფინანსდება ბიზნეს საქმიანობები რომელიც განსაზღვრულია ამავე პროგრამის დადგენილებაში, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა, რომელიც არ არის აკრძალული გადასახადის გადამხდელი პირებისთვის. (იხ. დანართი, საქმიანობების ნუსხა).

     

    შენიშვნა:  პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება ბიზნეს იდეა რომლის მიზანია  იურიდიული პირის სტატუსის მქონე მეწარმე-სუბიექტების, მაგ: შპს, სს, კოოპერატივი, ამხანაგობა და ა.შ.

     

     

  • წარმოსადგენი დოკუმენტაცია

    აპლიკანტის მიერ განაცხადის (ბიზნეს იდეა) წარდგენის ეტაპზე არ მოითხოვება რაიმე სახის დოკუმენტაციის წარმოდგენა. განაცხადი ივსება და რეგისტრირდება ონლაინ, სააგენტოს ვებ გვერდზე სპეციალურად შექმნილ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.

    აპლიკანტის მიერ პროგრამით განსაზღვრული ეტაპების წარმატებით გავლის და გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაში, ხელშეკრულება ფორმდება სააგენტოს და მეწარმეს შორის. 

     

    ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მეწარმემ უნდა წარმოადგინოს:

    ა) ბიზნესის განხორციელების ადგილის:

    ა.ა) საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი (განახლებული, 2023 წლის მდგომარეობით) საჯარო რეესტრიდან, ამასთან, თუ  შეუძლებელია საკუთრების უფლების დადგენა, მეწარმე სუბიექტი სსიპ-ში „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში - სააგენტო) წარადგენს შესაბამის წერილსა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ მომზადებულ ცნობას, აღნიშნული ქონების მისამართისა და მისი ფაქტობრივი მფლობელის თაობაზე,

    ან

    ა.ბ) ბიზნესის განხორციელების ადგილის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დროებით სარგებლობის ფორმით მიღების დამადასტურებელი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრება არანაკლებ 1 (ერთი) წლით. ამასთან, თუ სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილ იქნა უკვე გაფორმებული მოქმედი  ბიზნესის განხორციელების ადგილის სარგებლობის ფორმით მიღების დამადასტურებელი 1 (ერთი) წლიანი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც სრულდება მეწარმე სუბიექტსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელზე ნაკლებ ვადაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია წარადგინოს განახლებული დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადაც არ იქნება მასსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელზე ნაკლები;

    ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად/ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    გ) ცნობა/ამონაწერი   კომერციული   ბანკიდან   გადასახადის   გადამხდელი   ფიზიკური  პირის/ინდივიდუალური მეწარმის ანგარიშზე თანამონაწილეობის თანხის არსებობის შესახებ. 

    დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს გრანტის  თანხის ჩარიცხვა;

    ე) ცნობა, ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომერციული ბანკიდან, იმის თაობაზე, რომ მეწარმე სუბიექტს აღნიშნულ კომერციულ ბანკში არ გააჩნია ვადაგადაცილებული დავალიანება;

    ვ) ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან.

    ზ) იმ შემთხვევაში,თუ განმცხადებელი არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამდელად, ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის დეტალური საფუძვლ(ებ)ის შესახებ.

    1. დოკუმენტაცია, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნას ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ან ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგზე:

    ა) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის/უწყების თანხმობა/ნებართვა - თუ აღნიშნულს საჭიროებს ბიზნეს გეგმაში მითითებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.

  • შეზღუდვები

    პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება:

     

    ა) რელიგიური, პოლიტიკური, საომარი და სხვა მსგავსი აქტივობები;

    ბ) ბიოლოგიური აქტივების შეძენა;

    გ) ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის და არა მხოლოდ, ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა და მისაბმელის, მსუბუქი მისაბმელის, ნახევარმისაბმელის, სპეციალიზებული მანქანების, სპეცტექნიკის შეძენა;

    დ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოება და მისთვის განკუთვნილი მომსახურება;

    ე) ნებისმიერი პროდუქტის ან აქტივობის წარმოება ან ვაჭრობა, რომელიც მიჩნეულია არალეგალურად ქვეყნის კანონმდებლობით ან რეგულაციებით ან საერთაშორისო კონვენციებითა და შეთანხმებებით, ან ექვემდებარება საერთაშორისო აკრძალვებს, როგორებიცაა:

     

      • ოზონის დამშლელი/გამანადგურებელი ნივთიერებები;
      • პოლიკლორირებული ბიფენილი;
      • გარეული ჯიშის ცხოველები;
      • „გადაშენების პირას მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციით“ (CITES) რეგულირებული სახეობები;

     

    ვ) ზრდასრულთა გასართობი საშუალებების წარმოება ან/და ვაჭრობა (ე. წ. „Production or trade-in adult entertainment“);

    ზ) იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა;

    თ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება ან/და ვაჭრობა (ლუდის, ყურძნის ღვინის, სიდრისა და სხვა ხილის ღვინოების გარდა);

    ი) თამბაქოს წარმოება ან/და ვაჭრობა;

    კ) აზარტული თამაშების, კაზინოებისა და ეკვივალენტური კომპანიების საქმიანობები;

    ლ) რადიოაქტიური მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა (ეს არ ეხება სამედიცინო აღჭურვილობის, ხარისხის კონტროლის (გაზომვის) აღჭურვილობისა და ნებისმიერი აღჭურვილობის შეძენას, სადაც რადიოაქტიური წყარო უმნიშვნელოა ან/და ადეკვატურად დაცული;

    მ) შეუერთებელი/შეუკვრელი აზბესტის ბოჭკოების წარმოება ან/და ვაჭრობა (აღნიშნული არ ვრცელდება შეკრული აზბესტის ცემენტის ფურცლის შეძენასა და გამოყენებაზე, სადაც აზბესტის შემცველობა 20%-ზე ნაკლებია);

    ნ) საზღვაო გარემოში 2,5 კმ-ზე მეტი სიგრძის ბადის გამოყენებით თევზაობა;

    ო) წარმოება ან საქმიანობა, რომელიც მოიცავს იძულებითი შრომის საზიანო ან ექსპლუატაციურ ფორმებს/ბავშვებისათვის საზიანო შრომას;

    პ) მნიშვნელოვანი მოცულობის საშიში ქიმიკატების წარმოება, ვაჭრობა, შენახვა ან/და ტრანსპორტირება ან/და მათი გამოყენება კომერციული მოხმარებისთვის (საშიში ქიმიკატები მოიცავს ბენზინს, ნავთსა და სხვა ნავთობპროდუქტებს);

    ჟ) ტყეების გაჩეხვა ტროპიკული ტენიანი ტყის პირველადი სახით გამოყენების მიზნით;

    რ) ხის ან სხვა სატყეო პროდუქტების წარმოება ან ვაჭრობა, გარდა მდგრადად მართვადი ტყეებისა;

    ს) ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა ნარჩენებით ან ნარჩენი პროდუქტებით, გარდა გადამუშავებისთვის განკუთვნილი არასახიფათო ნარჩენებისა;

    ტ) მდგრადი ორგანული დამაბინძურებელი ნივთიერებების წარმოება ან/და ვაჭრობა;

    უ) საქმიანობა, რომელიც მოიცავს ეროვნული პარკის ან მსგავსი დაცული ტერიტორიის მნიშვნელოვან დეგრადაციას;

    ფ) საქმიანობა, რომელიც მოიცავს სამსახურში მუშათა/დასაქმებულთა ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების დაუცველობას/ შეუსრულებლობას;

    ქ) საქმიანობა, რომელიც მოიცავს უძრავი ქონებით სპეკულაციას;

    ღ) საქმიანობა, რომელიც მოცემულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის დანართ N1-სა და დანართ N2-ში.  

  • გრანტის მიღების შემდგომ შესასრულებელი ვალდებულებები

    ბენეფიციარმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, უნდა წარადგინოს და დოკუმენტურად დაადასტუროს, რომ პროგრამის ფარგლებში მიღებული გრანტით და მისი თანამონაწილეობით შესრულებული ყველა შესყიდვა განხორციელდა  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გონივრულ ფასად,  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისგან, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა უნდა განხორციელდეს ბიზნეს გეგმაში მითითებულ ვადაში.

  • პრიორიტეტული საქმიანობები

    პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულია შემდეგი საქმიანობები:

    • ახალი ბიზნესის წამოწყება
    • ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება
    • სოფლად/მაღალმთიან სოფელში ბიზნესის დაწყება/გაფართოება
    • მაღალმთიან დასახლებულ პუნქტში ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
    • იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
    • საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
    • ახალგაზრდა (29 წლის ასაკის ჩათვლით) მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყება/გაფართოება;
    • განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტი/მაღალი ინკლუზიურობის მქონე სექტორებზე/ინტელექტუალურ სერვისზე ორიენტირებული პროექტები;
    • „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრი ფიზიკური პირის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება.

     

     

  • პროგრამის ტერიტორიული ერთეულები

     

    პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

  • კონტრაქტორი ორგანიზაცია

    მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ადმინისტრირებას განახორციელებს ტენდერის საფუძველზე შერჩეული სამი დამოუკიდებელი  კონტრაქტორი ორგანიზაცია.

     

    • კონტრაქტორი #1  - კონტრაქტორო ორგანზაცია სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმებით ამოწმებს და აფასებს წარდგენილ ბიზნეს იდეებს და ბიზნეს გეგმებს.  ბიზნესგეგმის შეფასების ეტაპზე, სააგენტოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით და შეფასების კრიტერიუმებით აპლიკანტებთან  ატარებს გასაუბრებას.

    • კონტრაქტორი # 2 - სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ატარებს ტრენინგებს ბიზნესგეგმის შედგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

    • კონტრაქტორი #3 -   ბენეფიციარებთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ამოწმებს, აღრიცხავს და ასურათებს აპლიკანტის მიერ ბიზნეს გეგმით შემოთავაზებულ აქტივებს სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 

    აპლიკანტის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სააგენტოს მიერ დადგენილი წესით ადგენს შესამოწმებელი პროექტების ადგილზე დათვალიერების როგორც პერიოდულ, ასევე განმეორებითი/დამატებითი მონიტორინგის განრიგს, ახორციელებს შესყიდული აქტივების ადგილზე ინსპექტირებას და მონიტორინგს

  • ხშირად დასმული კითხვები

     

    1. საპროექტო განაცხადის წარდგენამდე უნდა იყოს თუ არა პიროვნება დარეგისტრირებული გადამხდელად და ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება? (ანუ, მცირე მეწარმე, ინდ. მეწარმე და ა.შ.)

    პროგრამის ფარგლებში არ არის სავალდებულო განაცხადის წარდგენამდე სუბიექტი/ფიზ. პირი დარეგისტრირებული იყოს გადამხდელად (მიკრო, მცირე მეწარმე. ინდ. მეწარმე) და გააჩნდეს კონკრეტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება.  გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია აუცილებელი იქნება ხელშეკრულების გაფორმებამდე.

     

    2. რა ენაზე უნდა იყოს განაცხადი წარდგენილი?

    განაცხადი უნდა წარადგინოთ სახელმწიფო ენაზე, ქართულად.

     

    3. ეს პროექტი დააფინანსებს თუ არა მოძრავი ტექნიკის შეძენას. მაგალითად, ტრაქტორის, სპეცმანქანის და ა.შ.

    პროგრამის ფარგლებში  იზღუდება ყველანაირი სატრანსპორტო საშუალების (მსუბუქი ავტომობილი, ავტობუსი და სხვა პირადი სარგებლობის სატრანსპორტო საშუალება) შეძენა. მათ შორის და არა მხოლოდ, ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა და მისაბმელის, მსუბუქი მისაბმელის, ნახევარმისაბმელის, სპეციალიზებული მანქანების, სპეცტექნიკის შეძენა;

     

     

    4. მხოლოდ ერთხელ ცხადდება კონკურსი?

    2023 წელს განსაზღვრულია პროგრამის მხოლოდ ერთი ეტაპი. აღნიშნულთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას მიიღებთ ცხელი ხაზის მეშვეობით: 1525 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს enterprisegeorgia.gov.ge/

    5. შემიძლია თუ არა შემოვიტანო რამდენიმე ბიზნეს იდეა ერთდროულად?

    ერთ ეტაპზე ერთ განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი ბიზნეს იდეის შემოტანა.

     

    6. როდის მეცოდინება პასუხი გაიმარჯვა თუ არა ჩემმა განაცხადმა?

    თითოეულ ეტაპზე ბრძანებით დამტკიცებულია პროგრამის განხორციელების ვადები, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ვებ გვერდზე.  თუ თქვენმა განაცხადმა გადალახა/ვერ გადალახა ბიზნეს იდეების ეტაპი , ინფორმაციას  მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით , განაცხადში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

    7. რამდენ ხანში მივიღებ დაფინანსებას?

    ყველა ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ გრანტს პროგრამით გათვალისწინებული და ბრძანებით დამტკიცებული ვადების შესაბამისად, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ვებ გვერდზე.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:

    • თუ თქვენმა განაცხადმა გადალახა ბიზნეს იდეების ეტაპი,  მოწვეული იქნებით ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინგზე (დასწრება სავალდებულოა).
    • ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ შეადგენთ და ონლაინ დაარეგისტრიროთ ბიზნეს გეგმას (იგივე პროცედურით როგორც ბიზნეს იდეის განაცხადი).
    • წარადგენთ  თქვენს ბიზნეს გეგმას ინტერვიუზე.
    • განხორციელდება თქვენი ბიზნესის განხორციელების ადგილის ინსპექტირება.
    • ზემოაღნიშნული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში  გაფორმდება ხელშეკრულება
    • ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თანამონაწილეობის მიზნობრივად დახარჯვის შემთხვევაში ჩაერიცხებათ გრანტი.

     

     

    8. ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

    თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ბიზნეს იდეის განაცხადი და მიიღოთ მონაწილეობა ბიზნეს იდეების კონკურსში თუ:

    • ხართ სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქე;  არ იმყოფებით სააგენტოს მიერ აღრიცხულ პრობლემურ ბენეფიციართა სიაში;
    • ასევე, გასათვალისწინებელია, რომ არსებული ბენეფიციარების შემთხვევაში, პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ 2015-2018 წლებში არაუმეტეს ერთხელ დაფინანსებულ ბენეფიციარს. ასევე შეზღუდვა ვრცელდება 2020-2022 წლის რაუნდის დაფინანსებული ბენეფიციარებზე.

    9. რა ტიპის ბიზნესებს აფინანსებს პროგრამა?

    შეგიძლიათ მოითხოვოთ გრანტი პროგრამით განსაზღვურლი მიმართულებების შესაბამისად (იხ. დანართი, საქმიანობების ნუსხა).

     

    10. რა თანხის მოთხოვნა შემიძლია პროგრამის ფარგლებში?

    გრანტის მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს არაუმეტეს 30 000 ლარს.

     

    11. რა არის თანამონაწილეობა?

    თანამონაწილეობა პროგრამის ფარგლებში ნიშნავს ფულად მონაწილეობას იმ ბიზნესში რომლისთვისაც მოითხოვთ გრანტს. მეწარმე თავდაპირველად ხარჯავს საკუთარ თანამონაწილეობას, რის შემდეგაც ჩაერიცხება გრანტით მოთხოვნილი თანხა.

     

    12. რა შემიძლია ვიყიდო გრანტის თანხით და რა არის  ჩემი თანამონაწილეობა?

    პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტის არანაკლებ 90% უნდა იქნას გამოყენებული კაპიტალური დანახარჯების   და არაუმეტეს 10% -სა საბრუნავი საშუალებების შესაძენად. ხოლო თანამონაწილეობა განისაზღვრება - მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესგეგმით გათვალისწინებული პროექტის განსახორციელებლად გახარჯული საკუთარი მინიმალური კონტრიბუციის ოდენობა (დეტალურად იხილეთ პროგრამის დადგენილება).

     

    13. როგორ გადავწყვიტო რომელი სტატუსი არის ჩემი საქმიანობის შესაფერისი - მიკრო მეწარმის, მცირე მეწარმის თუ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის?

    სტატუსს გააჩნია სხვადასხვა შეზღუდვა და უპირატესობა. სტატუსს შეგირჩევთ შემოსავლების სამსახური თქვენს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი საქმიანობის შესაბამისად.

    ამ საკითხის შესახებ მეტი ინფორმაციის  მიღება შეგიძლიათ შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ ფილიალში, ასევე საინფორმაციო ცენტრში (2 299 299) ან ვებგვერდზე (www.rs.ge)

     

    14. გრანტის მიღების შემთხვევაში შეიძლება თუ არა დავასაქმოთ ოჯახის წევრები?

    ოჯახის წევრების დასაქმება შესაძლებელია და გასათვალისწინებელია რომ თანამშრომლები შეარჩიოთ მათი ცოდნის, გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით.

     

    15. როგორი სახით მივიღებ გრანტის თანხას? თანხა ჩამერიცხება თუ შესყიდვებს თქვენ განახორციელებთ?

    გრანტის თანხა ჩაგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინიდან, მას შემდეგ რაც თქვენ მიზნობრივად გახარჯავთ თქვენს თანამონაწილეობას.

     

    16. სავალდებულოა ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინგზე დასწრება?

    ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინგზე დასწრება სავალდებულოა, რადგან თქვენ ტრენინგის განმავლობაში მიიღებთ ინფორმაციას, თუ როგორ შეადგინოთ ბიზნეს გეგმა და გაზარდოთ თქვენი შანსები გრანტის მოსაპოვებლად.

     

    17. თანხა რომელსაც მოვიპოვებ გრანტია თუ სესხი?

    თანხა რომელსაც მოიპოვებთ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არის გრანტი და მისი მიზნობრივად გახარჯვის შემთხვევაში არ ბრუნდება.

     

    18. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ თანამონაწილეობის ან გრანტის თანხა არამიზნობრივად დავხარჯე?

    თანამონაწილეობის თანხის არამიზნობრივად გახარჯვის შემთხვევაში არ ჩაგერიცხებათ გრანტის თანხა.

    გრანტის თანხის არამიზნობრივად გახარჯვის შემთხვევაში თქვენ წარმოგეშვებათ თანხის სრულად დაბრუნების ვალდებულება სააგენტოს წინაშე. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტო მიმართავს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

     

    19. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ვერ შევასრულე ხელშეკრულების პირობები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, სტიქიური უბედურების ან სხვა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო?

    ნებისმიერი მიზეზით ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გექნებათ ვალდებულება სააგენტოსგან მიღებული გრანტის თანხის დაბრუნების, (საუბარია არამიზნობრივ ხარჯვაზე). რაც შეეხება დაუძლეველ ძალას, მსგავს საკითხებს არეგულირებს ხელშეკრულება (ფორს-მაჟორი).

  • კონტრაქტორი ორგანიზაციის რეგიონალური ოფისები
    • აჭარა, ბათუმი - მეტაქსას ქ. N5; 591317575
    • გურია, ოზურგეთი - აღმაშენებლის ქ. N 8;    599477357
    • თბილისი, ვახტანგ ორბელიანის ქ. N35; 591119598
    • იმერეთი, ქუთაისი - გრიგოლ ხანძთელის ქ. N12; 599452196
    • კახეთი, თელავი - კოსტავას ქ. N3; 595379777
    • მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა - კონსტანტინე გამსახურდიას ქ. N 4    557788778
    • რაჭა-ლეჩხუმ/ქვემო სვანეთი - ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა N 11 (მერიის მიმდებარე ტერიტორია) 544440732
    • სამეგრელო-ზემო სვანეთი, Ზუგდიდი - თაბუკაშვილის ქ. N 15; 595250323
    • სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე - კოსტავას ქ. N18; 599679758
    • ქვემო ქართლი, რუსთავი - მესხიშვილის ქ. N5; 598898111
    • შიდა ქართლი, გორი -ანტონოვის ქ. N5; 598197127
       

 

ბიზნესიდეის აპლიკაციის შევსების ინსტრუქცია

 

სიახლეები

ონლაინ ჩატი
×