საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის „Gateway&Partners” შუამავლობით, 28-დან 30 მაისის ჩათვლით ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები ყაზახეთში სავაჭრო მისიას განაახორციელებენ.
აღნიშნული ვიზიტის მიზანია ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ინტერნაციონალიზაცია და პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, სამომავლო თანაშრომლობის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში 6 ქართული კომპანია, კერძოდ: სს „ჯი-ი-სი“, შპს „გლობალური გაყიდვებისა და კონსულტაციების ჯგუფი“, შპს „Innova”, შპს „კაიზენ ინსტიტუტი საქართველო“, შპს „PMO”, შპს „სავი“ 3 დღის განმავლობაში შეძლებენ გამართონ წინასწარ დაგეგმილი B2B ტიპის შეხვედრები მათთვის შერჩეულ პოტენციურ კლიენტებთან.
შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული მისია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.