2010 წლის 8-9 დეკემბერს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ასოციაციის, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების, ბავარიისა და ვესტფალიის სავაჭრო პალატებისა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გერმანიის ქალაქებში დიუსელდორფსა და მიუნხენში გაიმართა საქართველოს ბიზნეს ფორუმი.
ღონისძიება გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ კეკელიამ და “Hიპპ”-ის ცნობილი ბრენდის მფლობელმა და დამფუძნებელმა Kკლაუს ჰიპმა. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმა გერმანიაში საქართველოს ელჩი ქ-ნ Gგაბრიელა ფონ ჰაბსბურგი.
ქართული მხარე წარმოდგენილი იყო სამთავრობო და კერძო სექტორის მიერ. ღონისძიების ფორმატი მოიცავდა საქართველოს ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციას და ამასთანავე თემატურ პრეზენტაციებს სექტორების მიხედვით. საქართველოს დელეგაციის წევრებმა გერმანულ მხარეს გააცნეს შემდეგი ინვესტიციების კუთხით მიმზიდველი სექტორები: ენერგეტიკა, უძრავი ქონება და მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი.
“რაკია საქართველოს” თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარმომადგენელმა მიმოიხილა ინდუსტრიული ზონის საქმიანობა და საინვესტიციო შესაძლებლობები. იურიდიული კონსულტაციების კომპანია “მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგურის” პარტნიორმა ბ-ნ ვიქტორ ყიფიანმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმ იურიდიულ პროცედურებთან დაკავშირებით რაც აუცილებელია საქართველოში ბიზნესის დასაწყებად და წარმატებული ფუნქციონირებისათვის. მიუნხენში გამართულ ფორუმს დაესწრო 70-ზე მეტი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი. ზემოაღნიშნული ღონისძიება იგივე ფორმატით ჩატარდა ქალაქ დიუსელდორფშიც სადაც მონაწილე კომპანიების წარმომადგენელთა რაოდენობამ შეადგინა 30 ადამიანი.
გერმანიის ორივე ქალაქში ჩატარებული ბიზნეს ფორუმების ფორმატი ითვალისწინებდა გარკვეულ დროს მსჯელობისა და კითხვებისათვის. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და დღესდღეობით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.