2010 წლის 22 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში გაიმართა ბიზნეს ფორუმი საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებისა და ინვესტორებისათვის. ღონისძიება ჩატარდა ქ. ქუთაისის მერიის ინიციატივით და მიზნად ისახავავდა ქალაქის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებების გაცნობას, ქალაქში არსებულ საპრივატიზაციო ობიექტების წარდგენასა და მათი გამოყენების შესაძლო პერსპექტივების განხილვას. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-ნ არჩილ კეკელიამ და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებული საქმიანი ვიზიტის შედეგად ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ქუთაისის საინვესტიცო გარემოს, პოტენციალისა და შესაძლებლობების შესახებ. ფორუმზე დამსწრე კომპაბნიებს შორის იყო ვისოლი, ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა, აგრო განვითარების ჯგუფი, ჯეო ენჯინიარინგი, ბანკები რესპუბლიკა, პროკრედიტი და კორ სტანდარტი, BLC იურიდიული კონსულტაციები, იბერია რიალ ისთეითი. ქუთაისის ბიზნეს ფორუმს დაესწრო საქართველოში მოღვაწე 50 კომპანია.
2012 წელს ქალაქი ქუთაისი შეიძენს საპარლამენტო ქალაქის ფუნქციას, რითაც გამყარდება ქუთაისის, როგორც საქართველოს მეორე დედაქალაქის სტატუსი. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის არსებობა და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების ქუთაისში გადმოტანა თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქალაქის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.
დღესდღეობით ქალაქში არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, დაბალი საბაზრო ფასები მიწასა და აქტივებზე, სტაბილური კრიმინოგენური ვითარება, ხელსაყრელი გეოეკონომიკური მდებარეობა, ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნება ქალაქის სიახლოვეს და მის შემოგარენში, კვალიფიციური და იაფი მუშახელი, სამრეწველო წარმოების დიდი გამოცდილება, ტურიზმის განვითარების ფართო პერსპექტივები და სხვა.