2010 წლის 4 ნოემბერს სასტუმროში ”თბილისი მარიოტი” საქართველოსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გახსნეს საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმი. ირანის ეკონომიკური დელეგაცია შედგებოდა 30-მდე წარმომადგენლისაგან მათ შორის ირანის ვაჭრობის, ენერგეტიკის, გზების სამინისტროების და ასევე კერძო კომპანიების წარმომადგენლები. ირანული მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი სექტორები: ენერგეტიკა-ჰიდროელექტრო სადგურების და წყალსაცავების მშენებლობა, გზების/ავტობანების მშენებლობა, სოფლის მეურნეობა (სათბურები, ბიო პროდუქცია), ავტომობილების წარმოება, ტურიზმი, სადაზღვეო კომპანიები, საბანკო სექტორი.
ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული პრეზენტაცია და ასევე ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიმოხილვა. ფორუმის მეორე ნაწილი დაეთმო ინდივიდუალურ შეხვედრებს ქართულ კომპანიებთან. ბიზნეს ფორუმი ორგანიზებულ იქნა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ.
ირანის დელეგაცია საქართველოს 3 ნოემბერს ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ასევე განხორციელდა ირანული კომპანიებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრები ქართველ პარტნიორებთან.