მთავარი სიახლეები „ჰოლიდეი ინნ“ - ის ბრენდის ქვეშ ახალი სასტუმრო გაიხსნა

„ჰოლიდეი ინნ“ - ის ბრენდის ქვეშ ახალი სასტუმრო გაიხსნა




სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, თელავის ცენტრში „ჰოლიდეი ინნ“ - ის ბრენდის ქვეშ ახალი სასტუმრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ოფიციალურად გახსნა.

ბრენდი Holiday Inn მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელს ,,Intercontinental Hotel Group’’ ეკუთვნის და თელავში, საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კერძოდ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა. კომპანიამ ისარგებლა საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისა და საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის ე.წ Royalty Fees ანაზღაურების დაფინანსებით. სასტუმროს პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარს შეადგენს და 65 ადამიანი დასაქმდა.

85 ნომრიან სასტუმროში, საზოგადოებრივი სივრცეები მოიცავს ინოვაციურ, ღია ლობი ბარის კონცეფციას, რომელიც შეიმუშავა ბრენდმა. სივრცე აღჭურვილია სამაგიდო თამაშებით, ეკრანებით, იდეალური მყუდრო სივრცით  სტუმრების გასართობად და სამუშაოდ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში. სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი “ბატონთან” ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, ხოლო მეხუთე სართულზე ევროპული რესტორანი და ბარი „იბერიკო“, საუკეთესო ხედით ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სასტუმროს ღია ტიპის საცურაო აუზით პანორამული ხედებით, საუნით, ორთქლის აბანოთი და თანამედროვე სავარჯიშო დარბაზით. სასტუმროში ასევე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი 50 სტუმარზე.

შიდა ინტერიერი ასახავს ბრენდის თანამედროვეობას და ამასთანავე ხაზს უსვამს ადგილმდებარეობის და შენობის ისტორიულ მემკვიდრეობას.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 114 სასტუმროს პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 291.9 მლნ ლარს. აღნიშნული პროექტების შედეგად შეიქმნება 2 910-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 3 420-ზე მეტი დამატებითი ოთახი.

 

ონლაინ ჩატი
×