მთავარი სიახლეები სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წყალტუბოში, განახლებული ბალნეოლოგიური ცენტრი გაიხსნა

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წყალტუბოში, განახლებული ბალნეოლოგიური ცენტრი გაიხსნა




პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, წყალტუბოში,  განახლებული ბალნეოლოგიური ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

72 ნომრიანი კომპლექსი ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია რეგიონში და მისი მთავარი მიზანი ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე წყალტუბოს, როგორც უნიკალური, ბუნებრივი რესურსების მქონე დასასვენებელი კურორტის პოზიციონირებაა. 

კომპლექსი რესტორანს, საკონფერენციო სივრცეს და გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრს მოიცავს, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტარონ, როგორც სამედიცინო, სამკურნალო პროცედურები, ასევე, ისარგებლონ მრავალფეროვანი სარელაქსაციო, სპა მომსახურებით.

სასტუმრო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 9 500 000 ლარს შეადგენს. პროექტის შედეგად, შეიქმნა 170 სამუშაო ადგილი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილია 111 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 289.6 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 111 სასტუმრო შექმნის 3 380-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2 890-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს პირველი 24 თვის განმავლობაში საბანკო კრედიტის 10% საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 2 000 000 ლარს. საერთაშორისო ბრენდის გამოყენების შემთხვევაში, სესხის მაქსიმალუროი მოცულობა 5 000 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს, ნომერზე: 1525.

 

ონლაინ ჩატი
×