მთავარი სიახლეები საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს პირველი ბენეფიციარი ჰყავს

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს პირველი ბენეფიციარი ჰყავს




სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც აგრძელებს არსებული და პოტენციური მეწარმეების მხარდაჭერას.

სულ ცოტა ხნის წინ გაუმჯობესებული პირობებით ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროგრამა, რომლის პირველი მოსარგებლე - ქართული კომპანია „გეფერინი“ გახდა.  კომპანიამ წარმადობის გაზრდის მიზნით, 150 000 ლარის სესხი აიღო, რომლის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.

“გეფერინი” 2014 წელს დაარსდა და პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც მასიურად დაიწყო ჩანთების წარმოება საქართველოში. ბრენდმა წარმოება დაიწყო 6 ადამიანით, 60 კვ.მ ში, დღეს კი 60 მდე თანამშრომელი მუშაობს 750 კვ.მ საწარმოში. ასევე, ჩანთებს ეტაპობრივად დაემატა ფეხსაცმელები, საფულეები, ტყავისა და ვერცხლის აქსესუარები. გეფერინი 11 საექსპორტო ქვეყანაში არის წარმოდგენილი 42 გაყიდვის წერტილით. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, კომპანიამ მაღაზია გახსნა ჰონგ-კონგში და პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა ქუვეითში.

შეგახსენებთ, რომ პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, შეიცვალა საკრედიტო საგარანტიო სქემის მასშტაბიც, კერძოდ პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 330 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რომლის მეშვეობითაც 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად, 90%-ის ოდენობით მოხდება. ამასთანავე, 30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში. საკრედიტო - საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება.

პროგრამის დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3jBjOIc

ონლაინ ჩატი
×