მთავარი სიახლეები სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამწლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამწლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა




გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობითა და დახმარებით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“  გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამწლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

სტრატეგიის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ უწყების შიგნით გენდერული თანასწორობის დაცვაზე იმუშავებს, სააგენტოს პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება თუ მონიტორინგი კი გენდერული მეინსტრიმინგის საფუძველზე მოხდება. პარალელურად, დაიხვეწება სქესის ნიშნით დანაწევრებული მონაცემების შეგროვება როგორც სააგენტოს ბენეფიციარების, ისე თანამშრომელთა შესახებ.

სამწლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების პრევენცია-აღმოფხვრაზე კეთდება. „აწარმოე საქართველოში“ სექსუალური შევიწროების აღმოფხვრისა და რეაგირების ეფექტიან მექანიზმსაც დანერგავს, რომელიც მან გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა.

სააგენტოს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული ქალისა და კაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ძირითად გარანტიებს ეფუძნება. ამავდროულად, იგი საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებსა და გენდერული თანასწორობის სფეროში საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ითვალისწინებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და „აწარმოე საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობენ. თანამშრომლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

 

ონლაინ ჩატი
×