მთავარი სიახლეები კვირის მეწარმე - თამარ ზურიაშვილი!

კვირის მეწარმე - თამარ ზურიაშვილი!




  1. საქმიანობის წამოწყების მოკლე ისტორია

2017 წლის სექტემბერში, მალტაში მოგზაურობისას, მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დავამყარე იტალიური ჯელატოს მწარმოებელ კომპანიასთან  „Ke Gusto”, რის შემდეგაც მივიღე გადაწყვეტილება იტალიური წარმოების ხაზი გამეხსნა საქართველოში.

  1. რა არის თქვენს პროდუქტში გამორჩეული და ინოვაციური?

ვფიქრობ შესაძლებელია ევროპული გამოცდილების საქართველოში გადმოტანა და იგივე ტექნიკით ქართული პროდუქტის შექმნა. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ იგივე ხარისხის და გემოს შემცველ პროდუქტს, რომელიც ნაცვლად იმპორტირებულისა, მთლიანად ადგილზე წარმოებული ინგრედიანტებისგან შედგება.

ამასთანავე, საქართველოში საკმაოდ დეფიციტურია ისეთი დესერტების ხაზი, რომელიც გარკვეული ჯგუფების ადამიანებს შეუძლიათ მიირთვან, მაგალითად: უგლუტენო, ულაქტოზო და უშაქრო დესერტები. ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია იმ ბავშვებზე და ზრდასრულ ადამიანებზე ზრუნვა იყო, რომლებიც ცელიაკის, დიაბეტის ან სხვა დაავადებების გამო ვერ მიირთმევენ ყველა სახეობის დესერტს.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ჯელატერიაში შევქმენი კონცეფცია, რომლის თანახმადაც მომხმარებელი მთლიანად ჩართულია პროდუქტის  შექმნის პროცესში და აქვს შესაძლებლობა საკუთარი ფანტაზიის შესაბამისად, მიიღოს სასურველი გემოვნების პროდუქტი.

  1. რამდენად შეგიწყოთ ხელი სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“  პრგოგრამაში მონაწილეობამ?

საწარმოს შექმნა დაიგეგმა და განხორციელდა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. სააგენტო მონაწილეობს კომერციული ბანკისგან აღებული სესხის თანადაფინანსებაში. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა გვაქვს, როგორც კონსულტაციის, ასევე,  მარკეტინგული ღონისძიებების მიმართულებით.

  1. რამდენი სახეობის პროდუქტს აწარმოებთ და სად ხდება მისი რეალიზაცია?

დღეს ვაწარმოებთ 18 სახეობის ჯელატოს, მათ შორის ულაქტოზოს. ასევე, 4 სახეობის გაყინულ იოგურტს, რომელთაგან ერთ-ერთი არის უნიკალური, მსგავსი დესერტი საქართველოში ნაყინების სფეროში არ არსებობს. ეს არის ბუნებრივ დამატკბობელ სტევიაზე დამზადებული გაყინული ჩამოსასხმელი იოგურტი, რომელიც არის უგლუტენო, უშაქრო (0 კალორია შაქარი) და 25% ლაქტოზის შემცველობის.

  1. რამდენად დიდია აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა?

პროდუქტი ახალია, თუმცა მოთხოვნა დღითი დღე მატულობს. ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას, არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც.

  1. თქვენი აზრით რატომ გახდით „კვირის მეწარმე“?

ბევრი ადამიანისთვის და ჩემთვისაც საკმაოდ რთულად წარმოსადგენი იყო იტალიური წარმოების ხაზის საქართველოში დანერგვა. თუმცა ჩემი დაუზოგავი მუშაობის და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, მე ეს შევძელი.

ჩემი სამეწარმეო გამოცდილება და ისტორია მინდა ერთ-ერთი მოტივატორი იყოს იმ ხალხისთვის, ვისაც საკუთარი საქმიანობის წამოწყება სურს.

ასევე, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც დესერტი და მითუმეტეს ჯანსაღი დესერტი უყვარს, ველოდებით ჩვენს ჯელატერეაში, ფალიაშვილის ქ.N39.

 

ონლაინ ჩატი
×