მთავარი სიახლეები #იყავიშემდეგი - ექსპორტის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი

#იყავიშემდეგი - ექსპორტის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი




მე ვარ ნინო რაზმაძე და წარმოვადგენ „სოციალურ საწარმო დადარს“.

„დადარი“ არის ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების მწარმოებელი ქართული კომპანია, რომელსაც პროდუქციის უმაღლეს ხარისხთან ერთად გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობაც აქვს.

ვაწარმოებთ 100-ზე მეტი სახის სათამაშოს სხვადასხვა ძვირფასი ჯიშის ხისგან და ისეთი ევროპული წარმოების საღებავებისგან, რომლებსაც აქვთ საბავშვო წარმოებისთვის განკუთვნილი შესაბამისი სერტიფიკატი. 

საწარმოში დასაქმებულია სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებული პირები. აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენმა საწარმომ „წლის სოციალური საწარმო“-ს წოდებაც მოიპოვა.

კომპანიის გეგმები და როგორ ფიქრობთ რამდენად დაგეხმარათ ექსპორტის მენეჯმენტის კურსი მისი სამომავლო განვითარებისთვის?

„დადარი“-ს პროდუქციას თავისი მაღალი ხარისხიდან გამომდინარე ძალიან სანტერესოა საერთაშორისო ბაზრებისთვის და ვფიქრობ ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. საწარმოს შესაძლებლობების ფარგლებში, ამჟამადაც აქტიურად ხორციელდება პროდუქციის გერმანიაში გატანა, თუმცა სამომავლო წარმატებული საქმიანობისთვის ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღება გადამწყვეტია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ექსპორტი თავისთავად გარკვეული რეგულაციებისა და ხარისხის მოთხოვნის დაკმაყოფილებას გულისხმობს, ჩემთვის „ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი“ პირველ რიგში ხარისხის გამართული ინფრასტრუქტურის სწავლებასთან ასოცირდება. ამ ტიპის კურსები უაღრესად სასარგებლოა, როგორც დამწყები მეწარმეებისთვის, ასევე, დიდი და უკვე წარმატებული კომპანიის წარმომადგენლებისთვის,  ვინაიდან საქართველოში ამ მიმართულებით სპეციალიზაცია არ ხდება.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკოს, საუკეთესო სპეციალისტებთან კონსულტაციებს და გამოცდილების გაზიარებას, ვინც ამ კურსის ფარგლებში ლექტორებად გვევლინებიან. ყოველი ლექციის შემდგომ ვფიქრობ რომ ეს იყო ყველაზე საინტერესო ლექცია. იმდენად შთამბეჭდავია თითოეული ლექტორის გამოცდილება და დამოკიდებულება – გაგვიზიარონ გამოცდილება არა მხოლოდ ლექციის პროცესში, არამედ ინდივიდუალური მიმართვის შემთხვევაშიც.

„ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი“ იძლევა კონკრეტულ ცოდნას და გვაკვალიანებს, თუ რა გზას უნდა მივმართოთ სხვადასხვა პრობლემების აღმოფხვრისათვის. საქმიანობა მრავალფეროვანია, შესაბამისად, მრავალფეროვანია ექსპორტის დროს არსებული სირთულეები და მათი გადაჭრის გზებიც. ჩვენ გვიზიარებენ იმ საბაზისო უნარებს, რაც ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტაში შეიძლება დაგვეხმაროს.

კურსის გავლის შედეგად ჩვენ ბევრად გაგვიმარტივდება ექსპორტის მიმართულებით მუშაობა, უკვე გვაქვს კონკრეტული სარგებელი. ეს უკავშირდება პროდუქტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადებას, ბაზრების დივერსიფიკაციას, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს, ხარისხის შესაბამისობის დადგენის გზებს და სხვა.

ჩემთვის ორმაგად საინტერესოა კურსის გავლა, ვინაიდან სამომავლოდ, ვგეგმავ საკუთარი წარმოების წამოწყებას მთიან აჭარაში. კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა დამეხმარება სწორი სტრატეგიის შერჩევაში და დაგეგმვის პროცესიდანვე ხარისხის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში, რაც ნებისმიერ კომპანიისათვის წარმატებული ექსპორტის საწინდარია.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს თუ ორგანიზაციას, ვინც დაგეგმა და განახორციელა ეს არაჩვეულებრივი და საოცრად პროდუქტიული ინტენსიური კურსი.

 

ონლაინ ჩატი
×