მთავარი ღონისძიებები სამეწარმეო ბაზრობა ბათუმში

სამეწარმეო ბაზრობა ბათუმში




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ბათუმში, 25 ივნისს, 11:00-დან 19:00 საათამდე, მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით, გაიმართება სამეწარმეო ბაზრობა, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა, რათა შეძლონ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია და რეალიზაცია.

ღონისძიება, რომელშიც როგორც სააგენტოს ბენეფიციარები, ასევე სხვა დამწყები მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას იქნება გამორჩეული მისი მრავალფეროვნებით. სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეები და მათი პროდუქციის ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს ბათუმის ძველ ბულვარში.

გამოფენა-გაყიდვაზე, როგორც ადგილობრივ სტუმრებს, ასევე ტურისტებს შეეძლებათ დაათვალიერონ და შეიძინონ საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - ტექსტილი, ხელნაკეთი აქსესუარები, სახლის დეკორი, სასურსათო პროდუქცია, საკონდიტრო ნაწარმი, ჩაი, ჩირი და სხვა. ამასთანავე, პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცეები.

ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან. 

შენიშვნა:

დარეგისტრირებული კომპანიებიდან საბოლოო შერჩევა განხორციელდება რიგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

პირველ რიგში, პრიორიტეტი მიენიჭებათ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენფიციარებს.

ამის შემდგომ შერჩევა განხორციელდება ბაზრობაზე გამოსაფენი პროდუქციის მრავალფეროვნების მიხედვით. მოგეხსენებათ სამეწარმეო ბაზრობას სტუმრობს სხვადასხვა კატეგორიის დამთვალიერებელი და პოტენციური შემძენი, შესაბამისად სააგენტო ცდილობს მათი მოლოდინი მაქსიმალურად დააკმაყოფილოს და გამოფენაზე წარმოდგენილი იყოს შერეული, საინტერესო და განსაკუთრებული პროდუქცია.  ასევე, აუცილებელია მეწარმე სუბიექტი ან კომპანია დარეგისტრირებული იყოს შემოსავლების სამსახურში. გთხოვთ, დეტალურად შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული!

რეგისტრაცია გაგრძელდება 15 ივნისის ჩათვლით!

ონლაინ ჩატი
×