მთავარი სიახლეები კვირის მეწარმე - ხატია ნიკოლაიშვილი

კვირის მეწარმე - ხატია ნიკოლაიშვილი




  • ისტორია

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩვენი ბრიტანელი მეგობარი, რომელიც ხშირად ჩამოდის სტუმრად ჩვენს ოჯახში, აღფრთოვანდა ჩვენი ბებიის გაკეთებული საწებლით.აქედან გამომდინარე, გაჩნდა აღნიშნული პროდუქტის ბრიტანეთში გატანის  იდეა, თუმცა, ვინაიდან ეს პროდუქტი ბრენდირებული სახით არ არსებობდა, პირველ რიგში, დავიწყე ფიქრი ბრენდზე. ამ მხრივ, ძალიან დამეხმარნენ ჩემი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვცდილობდი ჩემი საწებლისთვის რაიმე ორიგინალური შეფუთვა მოგვეფიქრებინა. ბოთლის ვიზუალმა მართლაც ძალიან კარგად იმუშავა IFE ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მხოლოდ ერთი პროდუქტით ვიყავი წარმოდგენილი. გამოფენის სტენდთან ვინც კი მოდიოდა, ყველას ძალიან მოსწონდა შეფუთვის სტილი და მთხოვდნენ დაგემოვნებას. ვაცნობიერებდი, რომ სანამ მყიდველი გასინჯავდა პროდუქტს, ჯერ ვიზუალით უნდა დაინტერესებულიყო. გამოდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ერთი პროდუქტი მქონდა წარმოდგენილი განსხვავებით სხვა კომპანიებისგან, ვცდილობდი მაქსიმალურად მიმეპყრო მყიდველის ყურადღება პროდუქტის მახასიათებლებზე, კერძოდ ქართული საწებლის მრავალმხრივ გამოყენებაზე: როგორც ცხელი(cooking sauce), ცივი (ketchup), ასევე, წვენის სახით (tomato juice). ამ კატეგორიზაციამ კარგად იმუშავა. გამოფენამ უამრავ იმპორტიორს დამაკავშირა, აქედან ბევრ მათგანთან ახლაც მაქვს საქმიანი მიმოწერა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივა. რამოდენიმესგან კი კონკრეტული შემოთავაზება მივიღე და წინა კვირას უკვე ექსპორტზეც გავიდა ბრიტანეთში ჩვენი საწებელა „სპაისელა“.ამ ეტაპზე, ძირითადად მცირე მოცულობებს ითხოვენ, რაც გასაგებიცაა, რადგან იმპორტიორს სურს ჯერ გატესტოს პროდუქტი ბაზარზე. კიდევ ერთი იმპორტიორი, რომელიც ასევე ლონდონისგამოფენაზე გავიცანი, სპაისელას გარდა,სხვა ქართული პროდუქტებითაც დავაინტერესე. ეს პიროვნება საქართველოში 2 კვირაში ჩამოდის და ვაპირებ, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ეგიდით, ყველა იმ კომპანიას შევახვედრო, რომლის პროდუქტითაც დაინტერესდა.

  • საიდან წამოვიდა სტარტაპის შექმნის მთავარი იდეა და რა არის მთავარი ინსპირაცია?

ყოველთვის მინდოდა ისეთი საქმე წამომეწყო, რომელშიც ერთის მხრივ, გამოვიყენებდი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას, ხოლო მეორეს მხრივ, გამოვცდიდი საკუთარ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ეს საქმე ჩემთვის საინტერესო და მრავალმხრივი უნდა ყოფილიყო, ხოლო საბოლოო შედეგი - ღირებული. 2018 წლის სასერთიფიკატო კურსის გავლამ, რომელიც სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ჩატარდა, მომცა სტიმული ჩამომეყალიბებინა სტარტაპი.

  • რამდენად შეგიწყოთ ხელი მენეჯერთა სასერთიფიკატო კურსმა აღნიშნული ბიზნესის განხორციელებაში?

სტარტაპი სწორედ კურსის დასრულებისთანავე დავაფუძნე. ჩემი პრეზენტაცია, იმ საექსპორტო პროდუქტზე გავაკეთე, რომელიც იმ მომენტში არ არსებობდა და მას მერე შეიქმნა. საბაზრო კვლევა პროდუქტის შესახებ, რომელიც პრეზენტაციაში აღვწერე, რეალურად საექსპორტო გზაზე გამოვიყენე.

მენეჯერთა სასერთიფიკატო კურსი, კონკრეტული მიმართულებებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებაში  დამეხმარა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი საინტერესო კომპანია გავიცანი.  გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტი ძალიან ბევრ სფეროს აერთიანებს, კურსმა ხელი შემიწყო პირადად გამეცნო ის  ტრენერ-ექსპერტები, რომლებიც დღესაც მზად არიან ნებისმიერ შეკითხვაზე გამცენ პასუხი და კონსულტაცია გამიწიონ ამა, თუ იმ საკითხზე.

  • პირველი წარმატება

პირველი წარმატება პროდუქტის ადგილობრივ  ბაზარზე აღიარება იყო. ამჟამად პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ გუდვილის ქსელში იყიდება და ახალი პროდუქტის პირობაზე, საკმაოდ მოთხოვნადია. ამას მოჰყვა საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობაც აწარმოე საქართველოს ხელშეწყობით, სადაც ჩემი პროდუქტი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა იმპორტიორებმა დააგემოვნეს და შეაფასეს. ამან კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა და ახალი ენთუზიაზმი შემძინა.

  • პირველი ნაბიჯი საერთაშორისო ბაზარზე

პირველი ექსპორტი ბრიტანეთში განვახორციელე. მართალია მცირე მოცულობით, მაგრამ დიდი პერსპექტივით.

  • რა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა თქვენი ბიზნესი მსგავსი სხვა ბიზნესებისგან?

ჩემი პროდუქტის უნიკალურობა სწორედ მის რეცეპტში და ინგრედიენტებშია, რომელიც ამასთანავე ინარჩუნებს ნატურალურ შემადგენლობასა და ექსკლუზიურ გემოს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ბევრია მსგავსი სახეობის პროდუქტი, ამ შემადგენლობითა და გემოვნური თვისებებით არცერთი არ არის.

  • თქვენი აზრით რატომ გახდით „კვირის მეწარმე“?

ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მოკლე დროში შევძელი საექსპორტო პროცესის დაწყება, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას და შრომას მოითხოვს, თუმცა, ჯერ ყველაფერი წინ არის. ჩემთვის, ეს მხოლოდ დასაწყისია.

 

ონლაინ ჩატი
×